ვიდეო
დანგრეული გზა ავტოსადგომზე ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
"ქალაქის ცენტრში ასეთი სამარცხვინო მდგომარეობა არ უნდა იყოს."

ქუთაისში მოსახლეობა რუსთაველის ქუჩაზე, სუპერმარკეტ "ფუდმარტის" წინ არსებული ავტოსადგომის მოწერიგებას ითხოვს.

ადგილობრივების თქმით, ამ ადგილზე გზა წლების განმავლობაში მოუწესრიგებელია, რის გამოც ავტომანქანის დაზიანების შემთხვევები გახშირებულია.




ადგილობრივები ამბობენ, რომ ქუთაისის ცენტრალურ უბანში ამორტიზებული ავტოსადგომის არსებობა, ქალაქის იმიჯზე უარყოფითად აისახება.

"ცენტრალურ უბანში, ყველაზე დიდი სუპერმარკეტის წინ ასეთი სამარცხვინო მდგომარეობა არ უნდა იყოს. სტუმარი ან ტურისტი რომ მოვა, ასეთი გზა უნდა დახვდეს? ოღონდ გაკეთდეს და ვინც არ უნდა გააკეთოს, ყველა კმაყოფილი დარჩება," – აცხადებენ ადგილობრივები.




ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ გასულ წლებში ტერიტორია მოვლა–პატრონობის ვალდებულებით სს "ფუდმარტს" გადაეცა. თუმცა, 2015 წლიდან, მას შემდეგ რაც თვითმმართველობამ ქალაქში ავტოსადგომების ადგილებზე პასუხისმგებელი შპს "პარკინგსერვისი" დააარსა, ეს ადგილი ამ უკანასკნელის ბალანსზე გადავიდა.

შპს "პარკინგსერვისის" ხელმძღვანელის, ირაკლი სარიშვილის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კომპანიის კომპეტენციაში არ შედის და ის მერიის პრეროგატივაა.

ადგილობრივი თვითმმართველობის კეთილმოწყობის სამსახურში კი ამბობენ, რომ რუსთველის ქუჩაზე, სუპერმარკეტის წინ არსებული ავტოსადგომი, ქალაქში გზის საფარის ორმოული შეკეთებების მესამე ეტაპისთვის მოწესრიგდება.

"უკვე დასრულდა ორმოული შეკეთების მეორე ეტაპი. მესამე ეტაპს გამოვაცხადებთ უახლოეს მომავალში და გათვალისწინებული იქნება აღნიშნული ტერიტორია," - ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე, კონსტანტინე ჯავახაძე.


რეზი ბურჯანაძე
Print