ვიდეო
23 წელი ნანგრევებში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში სასტუმრო "ხვამლის" შენობაში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

სიდუხჭირე, ნახევრადდანგრეული კედლები და ანტისანიტარია - ამ პირობებთან შეგუება ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 60 ოჯახს 1992 წლიდან უწევთ.

ისინი უსაფრთხო ალტერნატიული ფართებით უზრუნველყოფას ორი ათეული წელია უიმედოდ ელოდებიან.

"ყოველდღე შიშით ვათვალიერებთ აივნებსა და კედლებს, ვამოწმებთ უფრო ხომ არ დაზიანდა," - ამბობენ სასტუმრო "ხვამლში" მცხოვრები დევნილები.



აფხაზეთიდან დევნილები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ირწმუნებიან, რომ ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ხელისუფლებას განცხადებით არაერთხელ მიმართეს.

"არ ვიცი ამაზე გაჭირვებულად რომელი დევნილი ცხოვრობს ქუთაისში, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენი ჯერი არ დადგა," - აცხადებენ დევნილები.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, გია სანთელაძე ამბობს, მისთვის ცნობილია სასტუმრო "ხვამლის" შენობაში მცხოვრებთა პრობლემები, თუმცა ჯერჯერობით მათი განცხადებები განხილვის ეტაპზეა.

"მათ მიერ შევსებული განაცხადები, ქულებთან ერთად, ეგზავნება კომისიას და ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება, თუ ვინ როდის საჭიროებს ფართით დაკმაყოფილებას," - ამბობს გია სანთელაძე.

თუმცა, ის არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, "ხვამლში" დასახლებულთაგან თუ რამდენმა დევნილმა ოჯახმა შეიტანა განაცხადი ალტერნატიული ფართის მოთხოვნაზე.

სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ინფორმაციით, ქუთაისში დევნილების ალტერნატიულ ფართებში გადანაწილება მიმდინარე თვის ბოლომდე მოხდება.

ბინებს 97 დევნილი ოჯახი, ნიკეას ქუჩაზე, ყოფილი ქარხანა "აისის" რეაბილიტირებულ კორპუსში მიიღებს.

გია სანთელაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში არ გამორიცხავს, რომ საცხოვრებელი ბინები "ხვამლში" მცხოვრებ დევნილებზეც განაწილდეს, თუმცა კონკრეტული ფართის მიმღები ოჯახების სია, მისთვის ამ დრომდე უცნობია.

20 ივნისს დევნილთა მსოფლიო დღე აღინიშნება. დანიის ლტოლვილთა საბჭოს მონაცემებით, საქართველოში 263 000 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს.
Print