ვიდეო
ქუთაისის სტატუსი საარჩევნო დაპირებების იმედად (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში აქტიური განხილვის საგანი გახდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტის განხორციელება.

ადგილობრივებს საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის იდეა აეჭვებთ და მას მხოლოდ წინასაარჩევნო პროპაგანდად მიიჩნევენ.

ამ დაპირებამ უკანასკნელ ოთხ წელიწადში უკვე მესამედ, სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში გაიჟღერა.

მიუხედავად ამისა, რეალურად ქალაქი ამ დრომდე სტატუსის ძიებაშია.



გასაიდუმლოებული დეტალები

ქუთაისში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული საგანმანათლებლო ცენტრის მოწყობის ადგილმდებარეობას არც ცენტრალურ და არც ადილობრივ ხელისუფლებაში ამხელენ.

საკითხის გარკვევის მიზნით, "ქუთაისიპოსტი" მერიამ "ქართუ ჯგუფში" გადაამისამართა, თუმცა დეტალებს არც ფონდში ახმაურებენ.

ჯერჯერობით, იდუმალებით მოცული პროექტის განხორციელებაზე, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გახდება ცნობილი.





მოსაზრებები საუნივერსიტეტო ქალაქზე

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოსაზრებით, ახალი საგანმანათლებლო ცენტრის აშენებას, შესაძლოა უკვე არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარება სჯობდეს.

"არანაკლებ დადებითი შედეგის მომტანი იქნება ქუთაისისთვის, თუ ფინანსები ქალაქში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოხმარდება, თუმცა ახალი საგანმანათლებლო ცენტრის მოწყობასაც ვუჭერ მხარს," - ამბობს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე.

ქუთაისში მცხოვრებლები კი თვლიან, რომ ქალაქის სტატუსი განხილვის საგანი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა არჩევნები ახლოვდება.

შესაბამისად, მოსახლეობაში კვლავაც რჩება კითხვა - საპარლამენტო თუ საუნივერსიტეტო.

"ქუთაისს ხან საპარლამენტო, ხან საუნივერსიტეტო სახელს არგებენ, ამასობაში მგონი, არც ერთი იქნება და აღარც მეორე," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები, თენგო მჭედლიძე.

ქუთაისელ ამომრჩეველს ბიძინა ივანიშვილი ქალაქის საუნივერსიტეტო კერად გადაქცევას 2012 წელს დაპირდა.

ამ იდეამ შემდეგ ჯერზე 2014 წელს თემურ შაშიაშვილის წინასაარჩევნო პროგრამაში გაიჟღერა, როდესაც ის ქუთაისის მერობის კანდიდატად განიხილებოდა.

მიმდინარე წელს კი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევას ბიძინა ივანიშვილი უკვე მეორედ პირდება.
Print