
ბექა ზესტაფონში დაიბადა, თუმცა შვილებისთვის უკეთესი გარემოს შექმნის
სურვილით ოჯახთან ერთად ქუთაისში გადავიდა. სამსახურის გამო
ზესტაფონში ყოველდღიურად დადის, დღის ბოლოს კი ქუთაისში ბრუნდება —
იქ, სადაც მისი ყოველდღიურობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი -
პროტესტი, იწყება.
ქუთაისის მერიის წინ შეკრება მისთვის მხოლოდ პოლიტიკური პოზიციის
გამოხატვა არ არის. ეს შიშის დაძლევის, თანამოაზრეებთან დგომისა და
საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოხატვის ფორმაა.

„პროტესტისკენ ქვეყნის სიყვარულმა და მის ბედზე ფიქრმა მიბიძგა.
ვფიქრობ იმაზეც, რა ქვეყანაში იცხოვრებენ ჩემი შვილები. თუმცა, მამა
რომც არ ვყოფილიყავი, ეს მაინც ჩემი ვალდებულება იქნებოდა, როგორც
ღირსეული და პასუხისმგებლიანი მოქალაქის. მინდა, ჩემს ქვეყანაში ისეთი
გარემო იყოს, სადაც ჩემი ოჯახიც ბედნიერად და დაცულად იგრძნობს თავს“,
— ამბობს ბექა.
მისი თქმით, უსამართლობის განცდა და პროტესტი ადრეც ჰქონდა, თუმცა
გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც საქართველოს
პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობის
შეჩერების გადაწყვეტილება გახდა ცნობილი.
ბექა ამბობს, რომ მანამდე, მიუხედავად არსებული პრობლემებისა,
ქვეყანაში ევროპული კურსის გაგრძელების მოლოდინი არსებობდა. ამ
განცხადების შემდეგ კი, მისი აღქმით, საფრთხე უფრო ხელშესახები გახდა
და უწყვეტი საპროტესტო გამოსვლებიც დაიწყო.
„აქამდე მაინც გვეუბნებოდნენ, რომ ევროპისკენ მივდიოდით. როდესაც ეს
მოლოდინი გაქრა, მაშინ დაიწყო ჩვენი ღია პროტესტი. პირველად მაშინ
ვიგრძენით საფრთხე და ქუჩაში გამოსვლის აუცილებლობა“, — იხსენებს
ის.
ბექა ამბობს, რომ პროტესტის განმავლობაში არასოდეს უგრძნია თავი მარტო, მაშინაც კი, როდესაც აქციაზე ადამიანების რაოდენობა მცირეა.
მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანების სიმტკიცეს,
რომლებიც ქუჩაში ნებისმიერ ამინდში დგანან — წვიმაში, თოვლსა და
ქარში. მისი თქმით, მათ ვერ აჩერებთ ვერც ზეწოლის შიში და ვერც ის
დაპირისპირება, რომელიც აქციების დროს პერიოდულად ჩნდება.

„როდესაც აქციაზე ვარ, ვხედავ გულანთებულ ადამიანებს, რომლებიც არ
უშინდებიან არც ამინდს და არც ზეწოლას. არასოდეს მქონია განცდა, რომ
მარტო ვარ. შეიძლება, ბევრი არ ვიდგეთ, მაგრამ ვიცი, რატომ ვართ იქ და
რა გვაერთიანებს. მჯერა, რომ ამ ერთობითა და სიმტკიცით საბოლოოდ
გავიმარჯვებთ“, — ამბობს ბექა.
მისი შეფასებით, პროტესტის გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი
საზოგადოებაში არსებული შიშია. ფიქრობს, რომ ადამიანების ნაწილი
ქუჩაში გამოსვლას სამსახურის დაკარგვის, სოციალური მდგომარეობის
გაუარესების ან სხვა შესაძლო პრობლემების გამო ერიდება.
„ადამიანებს რომ თავისუფლად შეეძლოთ საკუთარი აზრის გამოხატვა და არ
ჰქონოდათ სამსახურის დაკარგვის შიში, ეს პროტესტი, ალბათ, ბევრად ადრე
დასრულდებოდა. ხელისუფლებამ ადამიანებში შიში დათესა და ამ შიშმა
ბევრი საკუთარ სახლში დატოვა“, — ამბობს ის.
ბექასთვის პროტესტი მხოლოდ ევროპულ არჩევანს არ უკავშირდება. ის
საუბრობს განათლების ხარისხზე, სოციალურ პრობლემებსა და იმ
გამოწვევებზე, რომლებიც, მისი აზრით, საზოგადოების თითოეულ წევრს
ეხება.
მიაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, პოლიტიკურ პროცესებში ჩაურევლობით პრობლემებს აირიდებდნენ, საბოლოოდ მაინც აღმოჩნდნენ ამ პრობლემების წინაშე.
„ვიბრძვი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და
იმ გარემოსთვის, სადაც ჩემი შვილები უნდა გაიზარდონ. ზოგს ეგონა,
სახლში თუ დარჩებოდა და პროცესებში არ ჩაერეოდა, არაფერი შეეხებოდა.
მაგრამ პრობლემები ყველას შეეხო — მასწავლებლებს, მშობლებს, ბავშვებს.
ეს მხოლოდ ერთი ადამიანის ან ერთი ჯგუფის საკითხი არ არის“, — ამბობს
ბექა.
ის არ მალავს, რომ განსაკუთრებით აღიზიანებს საზოგადოების ნაწილის
დამოკიდებულება, როდესაც ადამიანების არჩევანი მცირე მატერიალურ
სარგებელზე იცვლება.
„ჩვენ არ გვინდა ისეთი საზოგადოება, სადაც ადამიანები ორ კგ
კარტოფილზე იყიდებიან. გვინდა ღირსეული საზოგადოება, რომელსაც
სიმართლისთვის ბრძოლა არ შეეშინდება“, — ამბობს ის.
კითხვაზე, რა აძლევს ყოველდღიური პროტესტის გაგრძელების ძალას, ბექა პასუხობს, რომ ეს სიმართლის რწმენაა.
ზესტაფონსა და ქუთაისს შორის ყოველდღიური გადაადგილება, სამსახური და
ოჯახური პასუხისმგებლობები მის ყოველდღიურობას დატვირთულს ხდის.
მიუხედავად ამისა, ქუთაისის მერიის წინ შეკრებაზე მისვლას არ
წყვეტს.
ბექა შალამბერიძისთვის საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით დგომა
იმ არჩევანის გამოხატულებაა, რომლის ერთგულებასაც ორი წელია
აგრძელებს. პროტესტის 732-ე დღესაც მისი პოზიცია უცვლელია — ბრძოლა იმ
ქვეყნისთვის, სადაც თავისუფლება, ღირსება და განსხვავებული აზრის
პატივისცემა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
ფოტო: ნია ხარაძე
მასალის გამოყენების პირობები