ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო ოლქების შედეგების ბათილობა დაუშვებლად ცნო
11:20 / 07.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების
სარჩელების განხილვა დაასრულა.
სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დაუშვებლად ცნო დასავლეთ
საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა და კომისიის წევრების
პასუხისმგებლობის საკითხი.
"საია"-ს და კოალიცია „ჩემი ხმის“ 20 სარჩელს მოსამართლეები ორი
დღის განმავლობაში განიხილავდნენ.
"ჩვენ ვითხოვდით ყველა იმ უბნის შედეგების ბათილობას, სადაც არჩევნები
ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, რადგან ადგილი ჰქონდა ფარულობის
და ნების თავისუფლების გამოვლენის დარღვევას",- განაცხადა
"საიას" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ დარინე სალდაძემ.
მესამე სექტორში სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ქუთაისის ოფისის
ხელმძღვანელი ლელა მოწონელიძე მიიჩნევს, რომ საკმარისი მტკიცებულები
ჰქონდათ (ვიდეო თუ ფოტო მასალები), თუმცა სასამართლომ არ
გაითვალისწინა.
"სააპელაციოს გადაწყვეტილება ფიზიკურად ვერ იქნება დასაბუთებული,
გამომდინარე იქიდან, რომ ერთადერთი, რაზეც სასამართლო ეცადა, პროცესის
დროს, გადაეტანა ყურადღება და იმსჯელა, გახლავთ ფარულობის საკითხი.
რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს საჩივარს, აქ იყო საუბარი დისციპლინური
პასუხისმგებლობების დაკისრებაზე, თუმცა კითხვების დონეზეც არ
გამოუკვლევიათ ეს საკითხები",- განმარტა ლელა მოწონელიძემ.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმებიან საოლქო კომისიაში. ბათუმის
79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თურმანიძის
თქმით, სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან,
მისივე შეფასებით, საჩივრები ეფუძნებოდა მხოლოდ მოსაზრებებს და
საჩივრის ავტორთა პირად შეხედულებებს.
"არავითარი მტკიცებულობები, რომელიც ამ საჩივრების საფუძვლიანობას
დაადასტურებდა, საქმეში არ იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება ხმის
მიცემის ფარულობის დარღვებას, ადგილი ნამდვილად არ ჰქონია, ამიტომ
სააპელაციო სასამართლომ მიიღო ერთადერთი კანონიერი გადაწყვეტილება და
ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება",-
განაცხადა ზვიად თურმანიძემ.
მეორე ინსტანციაში საჩივრების განხილვა 5 და 6 ნოემბერს გაიმართა.
მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება 6 ნოემბერს, გვიან ღამით
გამოაცხადა.
პროცესმა სააპელაციოში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც არასამთავრობო
ორგანიზაციების მოთხოვნები ჯერ უბნების შესაბამისი ოლქების, შემდეგ კი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა.
საარჩევნო დარღვევების საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სამი
მოსამართლე განიხილავდა, მათ შორის, იყო შოთა სირაძე, რომელიც
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ოჯახის
წევრია. ამის გარდა, 2012-2014 წლებში იყო ხობის გამგეობის
თანამშრომელი; 2014-2015 წლებში გახლდათ ხობის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წევრი და კომისიის თავმჯდომარე. იგი საკრებულოში არჩეულ
იქნა მაჟორიტარ დეპუტატად პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული
საქართველოდან", რაც დასტურდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014
წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, რომელიც საჯაროა.
26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც
"ცესკოს" მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" ხმების 53%-ზე მეტი
მიიღო.
არჩევნები მასობრივი დაშინებისა და მოსყიდვის ფონზე ჩატარდა.
საარჩევნო უბნებთან მობილიზებული იყვნენ მმართველი პარტიის მიერ
დაქირავებული პირები, რომლებიც ზეწოლას ახორციელებდნენ ამომრჩევლებზე,
სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდნენ მედიის წარმომადგენლებზე.
მასალის გამოყენების პირობები