ვიდეო
ქუთაისის ბულვარი - რეკონსტრუქცია დაპირებიდან 6 წლის შემდეგ
FaceBook
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსდა, ახლა მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ადგილზე ფანტანისა და ქვაფენილის მოწყობის სამუშაობი ხორცილდება. ასევე, ამოყვანილია რკინის ბოძები, რომელიც მედიათეკის მოსაწყობად არის განსაზღვრული. ბულვარში, რეაბილიტაციის ფარგლებში მოიჭრა 25 ძირი ხე.

ქუთაისის ცენტრალური ბულვარისა და მიმდებარე შენობების რეაბილიტაციისთვის ტენდერი {NAT220025121] მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა 2022 წელს გამოაცხადა. სამუშაოების შესრულების ვალდებულება შპს „დაგმა“ აიღო.

თუმცა, ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის დაპირება გაცილებით ადრე, 2018 წელს გაიცა, ქალაქის მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას მიერ. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ. თუმცა, პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება არ მოხდა.

საბოლოოდ, ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას, მუნიციპალური ფონდის მიერ ტენდერის გამოცხადებიდან, კიდევ 2 წელი დასჭირდა. 2024 წლის მარტში დაწყებული ბულვარის რეაბილიტაცია, ხელშეკრულების პირობებით, მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. 



როგორი უნდა იყოს ბულვარი რეკონსტრუქციის შემდეგ, ნახეთ აქ.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის გასული საუკუნის დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების თავშეყრის ადგილიც იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მუშტაიდის პარკის შემდეგ, ის სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში.

ქუთაისის ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.
Print