"ევროპა ჩვენი თავისუფლებაა" - ბარმენი ქუთაისიდან, ევროპაში მიღებული გამოცდილებით
15:38 / 05.09.2024
"რაც შეიძლება ნახოთ ევროპაში, მსგავსი რაღაც შეგიძლიათ
დააგემოვნოთ უკვე ქუთაისშიც", - გვიყვება საქართველოს სერტიფიცირებული
ბარმენი, რომელიც ევროპაში მიღებულ გამოცდილებას ახლა ქუთაისს
უზიარებს.
ემელიანე ბაბუნაშვილი ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში, სწორედ ამ მიზნით
წავიდა - პროფესიულად მეტად განვითარებულიყო, შემდეგ კი მიღებული
გამოცდილება საკუთარი ქალაქისთვის მოეხმარა.
ემელიანე ბარმენის პროფესიით 17 წლის ასაკში დაინტერესდა. მალევე,
იმერეთის ჩემპიონი, შემდეგ კი საქართველოს პრიზიორი გახდა. ამბობს,
რომ ესპანეთში მუშაობის დაწყება არ გასჭირვებია.
"მომსახურების სფერო ყოველდღიურად ვითარდება, ამიტომ, საჭიროა,
პროფესიულად ჩვენც ვვითარდებოდეთ, მეტს ვსწავლობდეთ, რომ რაღაც დონეზე
ავიდეთ, ამიტომაც წავედი ევროპაში",- ამბობს ემელიანე ბაბუნაშვილი,
რომელმაც ესპანეთის წამყვან ბარებსა და ღამის კლუბებში ერთი წლის
მანძილზე იმუშავა.
მაღალი ხარისხი, მომხმარებლებისა და თანამშრომლების კარგი
დამოკიდებულება, ნაკლები სამუშაო დრო და მეტი ანაზღაურება - ასე
აფასებს ბარმენი ევროპაში ცხოვრებისა და მუშაობის პერიოდს.
"ევროპა გვთავაზობს უფრო მაღალ ხარისხს. იქ ყველაფერი განსხავებულია.
ამიტომ ვცდილობ, უცხოეთში მიღებული გამოცდილება საკუთარ ქალაქში
გამოვიყენო და ჩემს კოლეგებსაც თამამად გავუზიარო",- ამბობს
ბარმენი.
ემელიანე, მიმდინარე წლის დეკემბერში, საქართველოს ჩემპიონატზე
აპირებს გასვლას და თუ ამ ეტაპს წარმატებით დაასრულებს, ევროპის
ჩემპიონატზეც შეძლებს მონაწილეობის მიღებას.
მიიჩნევს, რომ ევროპა ჩვენი თავისუფლებაა, სწორედ ამიტომ, ყველას უნდა
ჰქონდეს მისკენ მისწრაფების სურვილი.
მასალის გამოყენების პირობები