ვიდეო
ვინ „აუვსო“ აუზი წყლით ქუთაისელებს?
FaceBook
ქუთაისელებს, რომლებიც, წლების განმავლობაში, ცურვას ხმელეთზე სწავლობდნენ, დღეს, ახალი ოლიმპიური საცურაო აუზი აქვთ, თუმცა აუზში წყალი „ჭკვიანად მოქცევის“ გამო არავის ჩაუსხამს.

წყლით სავსე აუზის ნაცვლად, ქუთაისელები დაპირებას - „მომდევნო წელს იქნება“ ხელისუფლებისგან, წლიდან წლამდე იღებდნენ.

დაპირება დაპირებად რჩებოდა მანამ, სანამ ქალაქში ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკმა არ დააფინანსა.

შედეგად, დღეს, ახალი აუზით სარგებლობენ როგორც მოყვარულები, ისე სპორტსმენები საწყლოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ოლიმპიური აუზი ემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებსაც. ამასთან, აუზის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ახალი საცურაო აუზი 2023 წლის ივლისში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზეიმოდ გახსნეს.

პროექტის ფარგლებში, აუზის კომპლექსში მოეწყო 600-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები სპორტსმენებისა და მსაჯებისათვის, სივრცეები კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისათვის.

ოლიმპიური აუზის შენობა აღიჭურვა თანამედროვე საინჟინრო ქსელებით, საფილტრაციო და სატუმბი სადგურებით, გათბობის, გაგრილების და სახანძრო სისტემებით. აუზის გარე ტერიტორიაზე მოეწყო პარკინგი და გარე კაფე.

თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრს, ხოლო სიგანე 25 მეტრს შეადგენს.

ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობა 2021 წლის აპრილში დაიწყო და ჯამში 13.6 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს თანხა ქალაქს აზიის განვითარების ბანკმა მისცა, სამუშაოები კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა.


Print