ვიდეო
ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ოჯახის სასტუმრო (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ნიუპორტის ქუჩაზე სასტუმრო "ნიუ პორტის" მშენებლობა, რომელშიც 20% საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას ოჯახს უკუთვნის, დასრულდა.
ოთხსართულიანი შენობა კომპანია "გუდლაინმა", რომლის 20%-იანი წილის მფლობელი მისი მეუღლე ხატია სირბილაძეა, 2018 წელს, ნიკოლოზ ლატარიას თანამდებობაზე ყოფნის  დროს შეიძინა და  გაარემონტა. სასტუმრო პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერა. პრემიერს ლატარიამ პირადად უმასპინძლა.


ქუთაისში, ნიუპორტის ქუჩაზე არსებული ყოფილი კომკავშირის ქალაქკომის შენობა ბოლო 20 წელი მიტოვებული იყო. წლების მანძილზე მას რამდენიმე მფლობელი ჰყავდა, თუმცა, შენობას არც ერთი მეპატრონე არ უვლიდა. ამორტიზებული შენობიდან ბათქაში ცვიოდა და მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა. წლების განმავლობაში მისი გასხვისება ვერ ხერხდებოდა.

ნიკა ლატარიამ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი 2019 წლის დეკემბერში დატოვა. იგი ხელისუფლებაში მოსვლამდე ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. თანამდებობიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზადაც ბიზნესში მუშაობის გაგრძელება დაასახელა. ნიკა ლატარიას სახელს უკავშირდება ქუთაისის ისტორიულ ზონაში, "ოქროს ჩარდახთან" კაფე "არგოს" მშენებლობაც, რომელშიც ასევე მისი ოჯახის წევრების ინტერესები იკვეთებოდა. საბოლოოდ, ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ კომპანიაში, რომელიც კაფეს აშენებდა, მისმა ოჯახმა  კუთვნილი წილი დათმო.
Print