ვიდეო
"მეშინია აქ არ მოვკვდე" - ცხოვრება თავშესაფრის მოლოდინში (ვიდეო)
FaceBook

52 წლის ნინო მხეცაძე ქუთაისში, სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.

ამორტიზებული შენობა, რომელსაც სახლის გარეშე დარჩენილმა დროებით შეაფარა თავი, უკვე რვა წელია მის ერთადერთ თავშესაფარად იქცა. 
შენობაში არ არის წყალი, გაზი და კანალიზაცია. ყოველი წვიმის დროს საცხოვრებელ ოთახებში წყალი ჩამოდის.

არც ნინოს და არც მის ქალიშვილს სამსახური  აქვთ. ოჯახი თავს სოციალური დახმარებით ირჩენს. ნინო მხეცაძე ამბობს, რომ ერთადერთი რამის ეშინია  -  არ მოკვდეს
ამ შენობაში.

ნინო მხეცაძის მსგავსად, სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში მცხოვრებ ადამიანებს გაუსაძლის პირობებში ყოფნა წლების განმავლობაში უწევთ. ადგილობრივი ხელისუფლება მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებულებზე ქუთაისიპოსტმა სიუჟეტი 2017 წელსაც მოამზადა. მაშინ შენობაში მცხოვრები 22 ოჯახი ბინის მიღებას ნიკეას ქუჩაზე, ახლადმოწყობილ სოციალურ საცხოვრისში ელოდებოდა, თუმცა, საცხოვრებელი საბოლოოდ მხოლოდ ხუთ ოჯახს ერგო.

შენობაში ახლა 10 ოჯახი დარჩა. გაუსაძლისი პირობების გამო, ნაწილმა ახალი თავშესაფარი იპოვა. შენობაში დარჩენილები კი, რომლებსაც მერიის საერთო საცხოვრისში ბინა არ ერგო, ამჯერად იმედს გუგუნავას ქუჩაზე არსებულ ასევე ამორტიზებულ შენობაზე ამყარებენ, რომლის გარემონტებასაც მერია გეგმავს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალი საცხოვრისის მოწყობაზე, რომლის პროექტირების ტენდერი უკვე გამოცხადებულია,  განმარტებებს არ აკეთებენ, შესაბამისად, უცნობია რამდენ ოჯახზე იქნება შენობა გათვლილი  და რა პრინციპით შეარჩევენ ბენეფიციარებს. უცნობია ისიც, განიხილებიან თუ არა ბინით დასაკმაყოფილებელთა სიაში სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებულები, რომლებიც ასეულობით  სხვა უსახლკაროს მსგავსად, წლებია საცხოვრებლის მიღებას ელოდებიან.

Print