ვიდეო
ახალგაზრდა წყვილის ჩხუბი ქუჩაში - ქუთაისიპოსტის ექსპერიმენტი (ვიდეო)
FaceBook
13:41 / 06.12.2017

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღეს აღნიშნავს.


სიჩუმის, სტიგმის და სირცხვილის გამო, დღეს ქალზე ძალადობა ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო აქტიურად მიდის ბრძოლა ქალის ფიზიკური, სექსუალური ფსიქოლოგიური ჩაგვრის წინააღმდეგ, პრობლემა აქტუალურობას არ კარგავს.


„ქუთაისიპოსტმა“ ორ ახალგაზრდას სთხოვა, ქუჩაში ქალზე „მსუბუქი“ ძალადობის სცენა გაეთამაშებინა, რათა გაგვეგო, გაიზარდა თუ არა საზოგადოების მგრძნობელობა ამ საკითხის მიმართ, მიიჩნევენ თუ არა ქუჩაში გამვლელები, რომ ქალზე ძალადობა მხოლოდ მოძალადის და მსხვერპლის საქმე არ არის და მათ შეუძლიათ წყვილს მძიმე შედეგები აარიდონ თავიდან.


ექსპერიმენტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ხალხმრავალ ადგილას დავგეგმეთ. სოციალური ექსპერიმენტის მსვლელობის დროს წყვილს 80-მდე ადამიანმა ჩაუარა და ქუჩის საპირისპირო მხარესაც, საიდანაც კარგად ჩანდა ფიზიკური ძალადობის ფაქტი და ისმოდა ჩხუბის ხმა, ბევრი ხალხი ირეოდა.


სოციალურ ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის „ქუთაისიპოსტი მადლობას უხდის თემოს და ლილე ბერიძეს, რომელიც ჩვენი მედიაორგანიზაციის ახალი თანამშრომელია.

რამდენი ადამიანი ჩაერია ჩხუბში და რამდენმა ჩაიარა გულგრილად, ნახეთ ვიდეოექსპერიმენტში:


„ქუთაისიპოსტის“ სოციალური ექსპერიმენტის შედეგი ასეთია: კონფლიქტში ჩარევის სამი ფაქტი, არცერთი ზარი 112-ზე ან ცხელ ხაზზე, მუხედავად იმისა, რომ ბიჭი გოგოს ფიზიკურად ეხებოდა, აჯანჯღარებდა და ხელს ჰკრავდა. ძალადობის აღკვეთის მხოლოდ  სამი მცდელობა, თითქმის ერთსაათიანი ექსპერიმენტის დროს, ცუდი შედეგია.  სავარაუდოდ, თუნდაც 10 წლის წინ, არც ასეთი სურათი იქნებოდა, ვინაიდან ქალზე ძალადობა, „ოჯახის საქმედ“ აღიქმებოდა.


უნდა აღინიშნოს, რომ კვლევების მიხედვით, საზოგადოების მგრძნობელობა ქალზე ძალადობის კუთხით გაზდილია. ეს ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენის მკვეთრად გაზრდილი ციფრით დასტურდება. თუმცა, ეს არ
ნიშნავს, რომ საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული ძალადობის პრევენციის მექანიზმისა და ამაში საკუთარი როლის შესახებ.


ქალზე ძალადობის არაერთი ფორმა არსებობს: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური, იძულება.


მსხვერპლმა და ძალადობის ფაქტის მოწმემ, იმის მიუხედავად, ოჯახის წევრია თუ არა, უნდა დარეკოს 


ცხელ ხაზზე 30 93 09, ან +995 32 116 006 სადაც უფასო კონსულტაციას გაუწევენ, ან მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს - 112.

Print