ვიდეო
ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს ქუთაისში მატერიალური ფასეულობები გადაეცათ (R)
FaceBook
ეკონომიკური საქმიანობის განსავითარებლად ქუთაისში ყოფილი მსჯავრდებულებისა და პრობაციონერებისათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემის ცერემონია გაიმართა.


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით.

პროექტს ახორციელებენ ASB საქართველო, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG).

ღონისძიებაზე პროექტის 34 მონაწილეს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად ან განსავითარებლად სხვადასხვა საშუალებები - მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები და ინვენტარი, წარმოების საშუალებები და სხვა - გადაეცა.

თითოეული ბენეფიციარისათვის გადაცემული მატერიალური ფასეულობის ღირებულება 400, 1200 და 3000 ევროს ღირებულებისაა.

პროექტში კახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს და თბილისის 300-ზე მეტი ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი იყო ჩართული. თითოეული მონაწილე დაესწრო ოთხდღიან ტრენინგს თემაზე „ეფექტური სოციალური და სამუშაოს მოძიების უნარები”. გარდა ამისა, მონაწილეთა ნაწილმა გაიარა ორთვიანი პროფესიული გადამზადების კურსი.

პროექტი - „განათლება რეინტეგრაციისათვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” 2016 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება.
Print