ვიდეო
"ამ ქალაქშიც შეიძლება განვითარება'' - სტუდენტები ქუთაისიდან (ვიდეო)
FaceBook

ქუთაისელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ქალაქს განათლების მიღებისა თუ დასაქმების მიზნით ტოვებს და დედაქალაქს სტუმრობს.


ქუთაისი მათი სახით დიდ რესურსს კარგავს, თუმცა არიან ახალგაზრდებიც, რომლებიც თბილისში წასვლას მშობლიურ ქალაქში დარჩენას ამჯობინებენ.

 


თეკლა ნიქაბაძე და ნიკა ჭეიშვილი ახალგაზრდების იმ მცირე ნაწილს მიეკუთვნებიან, რომლებმაც პიროვნული და პროფესიული განვითარების არეალად ქუთაისი აირჩიეს.  გადაწყვეტილება არასდროს უნანიათ. ამბობენ, რომ უკეთესი ცხოვრების მიზნით მშობლიური ქალაქის დატოვება გამოსავალი არ არის. 

თეკლა და ნიკა წერეთლის უნივერსიტეტში, სამართლის სპეციალობის მე-3 კურსზე სწავლობენ. ნიკას სამსახური ჯერ არ აქვს, თუმცა სტიპენდიანტია და იმედი აქვს, რომ მომავალში თავისი პროფესიით დასაქმდება.  თეკლა ერთ-ერთ ფიტნეს-ცენტრში ადმინისტარორის პოზიციაზე მუშაობს. ამბობს, რომ სამსახური ადამიანებთან ურთიერთობასა და სხვადასხვა უნარის დახვეწაში ეხმარება.

.


ამ სტუდენტების  მსგავსად აკაკი საღინაძემ საკუთარი ცხოვრება მშობლიურ ქალაქს დაუკავშირა და გადაწყვეტილებითაც კმაყოფილია. წლების წინ, როცა აბიტურიენტი იყო, მეგობრები და ახლობლები თბილისში ჩაბარებას ურჩევდნენ, თუმცა, საბოლოოდ არჩევანი  მაინც ქუთაისზე შეაჩერა.  დღეს წერეთლის უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირების მე-4 კურსზე სწავლობს. ამავდროულად, ქუთაისის უნივერსიტეტში, სერთიფიცირებული პროგრამების კოორდინატორია.


,,მთავარია ახალგაზრდებმა იპოვონ საქმე, რომელიც უყვართ და ნებისმიერ ქალაქში შეძლებენ განვითარებას. შიდა მიგრაცია ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, არ არის აუცილებელი წარმატების მისაღწევად მაინცდამინც ქალაქიდან წასვლა, აქაც შეიძლება მოიწყო უკეთესი ცხოვრება. თუ რაიმე არ მოგვწონს, ერთადერთი გამოსავალი არსებობს- შევცვალოთ იგი. ჩვენ უნდა შევქმნათ უკეთესი გარემო’’- ამბობს აკაკი საღინაძე.



Print