ვიდეო
"პური უფასოდ" - როგორ ეხმარებიან ჭიათურაში სოციალურად დაუცველებს (ვიდეო)
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ადამიანების ნაწილს მესამე თვეა სახლში პური უფასოდ მიაქვს.

პური უფასოა მათთვის, ვისაც არ აქვს პური. სწორედ ამავე სახელისაა პროექტი, რომლის ფარგლებში უფასოდ პურს ჭიათურის რვა სოფლის 15 მაღაზიაში არიგებენ.

49 წლის ლამარა მოდებაძე, პურის მისაღებად სოფელ კაცხის ერთ-ერთ მაღაზიაში ყოველდღე დადის. მისი თქმით, ოჯახის სამი წევრიდან არცერთი მუშაობს, რის გამოც მხოლოდ სოციალური შემწეობის იმედად არიან.

ჭიათურაში უკიდურესად შეჭირვებულ ადამიანებს, პურის უფასოდ აღება სულადობით შეუძლიათ - მიიღებენ იმდენს, რამდენი წევრიცაა ოჯახში.

"დიდ მადლიერებას გამოხატავს ხალხი. ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს ჭიათურაში და მისწრება იყო ეს დახმარება მათთვის. მე სიები მაქვს და ყოველდღიურად აღვრიცხავ ვის რამდენი პური მიაქვს. ზოგს რვა მიაქვს, ზოგს – შვიდი, ექვსი და ასე შემდეგ, ოჯახში სულადობით რამდენიც არიან", – ამბობს ერთ-ერთ მაზაღიაში დასაქმებული ლამარა წიქარიშვილი.

ჭიათურაში პურის უფასოდ დარიგების იდეის ავტორსა და დამფინანსებელს ანონიმურად დარჩენა სურს. თავად პროექტს - "პური უფასოდ მათთვის, ვისაც არ აქვს პური" საქველმოქმედო ორგანიზაცია "თემობა" ახორციელებს. პროექტის ხელმძღვანელის, მალხაზ ბიწაძის თქმით, მარტის ბოლოდან მთელი მუნიციპალიტეტის დაფარვა იგეგმება, რომლის შემდეგაც 20-მდე გაიზრდება მაღაზიათა რაოდენობა, სადაც პურს უფასოდ დაარიგებენ.



იდეას მიმდევრები უკვე გამოუჩნდნენ და ჭიათურის შემდეგ უფასო პურის დარიგება შეჭირვებულთათვის მარნეულის სოფელ ყიზილაღჯლოშიც დაიწყეს.

ჭიათურაში უფასო პურის აქციაში ჩართვის მსურველმა ორგანიზაცია "თემობას" შემდეგი საბუთები უნდა წარუდგინოს: ცნობა სოციალური სამსახურიდან არსებული ქულების შესახებ, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, პირადობისა და დაბადების მოწმობის ასლები.

ორგანიზაციის ოფისი ჭიათურაში, "ტრესტის" შენობაში (მერიის შენობის წინ) მდებარებს.


Print