ვიდეო
სოფელი წყალტუბოში, სადაც არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი (ვიდეო)
FaceBook
წყალტუბოდან 4 კილომეტრში მდებარე სოფელ ხომულში მცხოვრებლები, წლებია სკოლისა და საბავშვო ბაღის გახსნას ითხოვენ.
სოფლის ერთადერთი სკოლა დიდი ხნის წინ დაინგრა და ახლა იქ სასაფლაოა, ხოლო ბაღის შენობა ორი წლის წინ აშენდა, რამაც ადგილობრივებს იმედი გაუჩინა, თუმცა, ბაღს არც ერთი დღე არ უფუნქციონირია. ერთსართულიანი შენობა, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს 315 675 ლარი დაუჯდა, მიტოვებულია. 



წყალტუბოს ერთ–ერთ ყველაზე დიდ სოფელში, სადაც 2014 წლის აღწერით, 1500 ადამიანზე მეტი ცხოვრობს, ადგილობრივთა თქმით, 20–მდე ბაღის ასაკის ბავშვია, რომლებსაც ყოველდღიურად ქალაქის ცენტრში უწევთ სიარული. სკოლის არარსებობას დიდი ხანია შეეგუენ. თუმცა, მათი თქმით, მცირეწლოვანი ბავშვების ქალაქის ცენტრში ტარება განსაკუთრებით უჭირთ.

"წყალტუბოში დამყავს უფროსი ბიჭები, რომლებიც უკვე სკოლის მოსწავლები არიან და ახლა მესამეც ქალაქის ბაღში შევიყვანე. შიდა ტრანსპორტი დადის, მაგრამ მოუხერხებელი გრაფიკი აქვს, დილით 8 საათზე გადის და 30–40 წუთი ბავშვებს სკოლაში უწევთ ლოდინი ვიდრე ზარი დაირეკება, მეორე გასვლა 10–ის ნახევარზე აქვს და ბაღში გვაგვიანდება. აქ ვინც ცხოვრობს, ძირითადად, ავტომანქანებით დაყავთ ბავშვები, მაგრამ ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული და ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა", – ამბობს სოფიკო გიორგაძე.



"ქალაქთან ასე ახლოს და ასე მოწყვეტილი სოფელი სხვა არ არის. თან ყველაზე დიდი სოფელია წყალტუბოში. მცირეწლოვანი შვილი მყავს და იძულებული ვარ ქალაქში ვატარო. აქ რომ გაეხსნათ ეს ბაღი, გავიდოდი უცებ, დავტოვებდი ბავშვს და ჩემს საქმეს გავაგრძელბდი სახლში", – ამბობს თამრიკო ფანცხავა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ 2017 წელს, როცა ბაღი აშენდა, თვითმმართველობის არჩვენების შემდეგ მოსულ ახალ ხელისუფლებას ბაღის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში არ დახვდა, თუმცა, როგორც ირკვევა ხარჯები წყალტუბოს მუნიციპალიტეტს არც 2018 წლის ბიუჯეტში გაუთვალისწინებია.

გაერთიანების ხელმძღვანელი, გიორგი იობიძე ამბობს, რომ ამჯერად ბაღის გახსნა გადაწყვეტილია და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფელ ხომულში სავარაუდოდ, თებერვლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას, თუმცა, უცნობია, როგორ შეავსებს ბაღების ააიპი კონტიგენტს შუა სემესტრში.




Print