ვიდეო
საბჭოთა მარშალის მძღოლის ცხოვრება ნანგრევებში(ვიდეო)
FaceBook
აფხაზეთიდან დევნილი, 75 წლის მურმან მაისურაძე, 25 წელია ყოფილი სკოლის ამორტიზებულ შენობაში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.
საბჭოთა კავშირის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მარშალ ანდრეი გრეჩკოს მძღოლი და აფხაზეთის ომის მონაწილე, თავს სამხედრო პენსიით ირჩენს.

მურმან მაისურაძისთვის, რომელმაც ბრძოლების დროს ორივე თვალში დაკარგა მხედველობა, ერთადერთი იმედი მეუღლეა.
ასაკოვან ცოლ–ქმარს მალე აქ ცხოვრების საშუალებაც აღარ ექნება. დევნილთა საცხოვრებელი რამდენიმე თვის წინ გაიყიდა. ახალი მეპატრონე კი შენობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ატარებს.



მურმან მაისურაძე და ციცინო გოგოლიძე ბინის მიღებას რამდენიმე წელია ელოდება. დევნილთა სამინისტრო, რომელმაც მათ ორივე ვაჟს ფართები გასულ წელს გადასცა, მიიჩნევს, რომ მურმან მაისურაძე ბინით უკვე დაკმაყოფილებულია, რადგან იგი ერთ–ერთ შვილთანაა ჩაწერილი. რაც შეეხება ციცინო გოგოლიძეს, იმის გამო, რომ მას განაცხადი ცალკე აქვს შევსებული და არც ერთ შვილთან არ წერია, უწყებამ გადაწყვიტა, რომ ბინა არ ეკუთვნის.

ამ პოზიციაზე სამინისტრო მანამდე იდგა, ვიდრე ციცინო გოგოლიძე ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში საქმეს მოიგებდა. ახლა კი უწყებაში აღიარებენ, რომ აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოუწევთ, თუმცა, უცნობია, როდის.

მანამდე, ასაკოვანი ცოლ–ქმარი, შესაძლოა, მაინც ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს, რადგან #1 ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა, გიორგი მიმინოშვილმა, რომელმაც დევნილთა საცხოვრებელი შეიძინა, შენობის დაცლის მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.

Print