ვიდეო
“კვირა გასულა, ლარიც არ მიშოვია, მერე რა..” - ქუთაისის კოლორიტად ქცეული ასირიელი ოსტატი
FaceBook

ქუთაისში, „მწვანე ბაზრის“ კუთხეში პატარა სახელოსნო დგას. წითლად შეღებილი და შემინული.




ეს ერთადერთი ოთახია მთელს ქალაქში, სადაც ძველ ფეხსაცმელებს ახლებურ იერსახეს უბრუნებენ. 

სახელოსნოს ოსტატს, რომელიც თქვენს ფეხსაცმელებზე ზრუნავს,  ყველა სცნობს. 

გოგი იონანიძეს ბევრი რამის გამო იცნობენ და ამახსოვრდებათ. ამახსოვრდებათ ოქროს ხელებისა და საღებავების გამო. ერთგულების, იუმორის გამოც. ყველა ამ თვისების გამო, ოსტატი ქუთაისელებისთვის კოლორიტად იქცა. 

ის ასირიელია. მისმა წინაპრებმა საცხოვრებლად დიდი ხნის წინ აირჩიეს ქუთაისი. გოგიც ამ ქალაქში დაიბადა. ამიტომ, სამშობლოდ ქუთაისს თვლის და აქაურობა ძალიან უყვარს.

ცხოვრება მსახურებააო გვიყვება ოსტატი და 55 წლის მანძილზე არ ბეზრდება სხვისი ფეხსაცმელების წმენდა.



"სხვებს რომ ემსახურები და ისინი ბედნიერდებიან, ამაზე უკეთესი არაფერია," - ამბობს გოგი იონანიძე.



თავდაპირველად გოგი იონანიძეს "სახელოსნო" ქუჩა გახლდათ. ის ქალაქის ცენტრალური ქუჩაში იჯდა და კლიენტებს ღია სივრცეში ემსახურებოდა.
წითლად შეღებილი პატარა სახელოსნო, რომელშიც ოსტატი დღეს მუშაობს, წლების მანძილზე ნაგროვები თანხით იყიდა.

ოთახი ისეთი პატარაა, ზედიზედ ორი ნაბიჯის გადადგმაც შეუძლებელია. სამაგიეროდ, მუშობაში ხელს ამინდი აღარ უშლის.

მრავალწლიანი გამოცდილების ფონზე, ოსტატმა ფეხსაცმელების მიხედვით ადამიანის ხასიათის გამოცნობაც ისწავლა.

„ძალიან გაცვეთილი ძირები თუ აქვს ფეხსაცმელს, ესეიგი მისი პატრონი შრომისმოყვარეა, ბევრს დადის. ვინც ხშირი კლიენტია, წესრიგისმოყვარულია. ბევრი რამე შეიძლება გითხრას ფეხსაცმელებმა,“ - ამბობს გოგი იონანიძე, რომელიც იმასაც გვიყვება, რომ ბოლო დროს ე.წ. ბოტასებისა და კედების გამოჩენამ ადამიანებს დაავიწყა ფესაცმლის მწმენდავების არსებობა და საჭიროება. სამაგიეროდ, დღემდე ძველებური პოპულარობით იყიდება ბაბუას დანატოვარი რეცეფტით დამზადებული მისი საღებავი.



ფეხსაცმელების მწმენდავებს 50 წლის წინ საქართველოში "ჩისტილშიკებს" ეძახდნენ. ისინი ძირითადად ასირიელები იყვნენ.

დღეს ეს პროფესია თითქმის დავიწყებულია. თუმცა 78 წლის გოგი იონანიძე სამსახურის მიტოვებას არ აპირებს და ამბობს, რომ ცხოვრების ბოლომდე ასე იმუშავებს.

ამიტომ, თუ ფეხსაცმელების გაწმენდა- გაპრიალება დაგჭირდებათ, იცოდეთ, რომ ქუთაისელი ოსტატი ისევ "მწვანე ბაზრის" კუთხეში, პატარა სახელოსნოში ზის და გაცვეთილფეხსაცმელებიან კლიენტებს ერთგულად ელოდება.


Print