"ამხელა გზა იმისთვის არ გაგვივლია, რომ დავმარცხდეთ"- „ტორპედოს“ კაპიტანი "სარაევოსთან" მატჩზე
FaceBook
ბოსნიის დედაქალაქში, დღეს, "ქუთაისის ტორპედოსა" და "სარაევოს" შორის კონფერენს ლიგის პირველი ტურის საპასუხო მატჩი გაიმართება.
საპასუხო თამაშამდე, პრესკონფერენციაზე კომენტარები გაკეთდა, საუბარი განმეორებითი მატჩის მნიშვნელობასა და მომზადების ეტაპს დაეთმო.

როგორც "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა განმარტა, რთულ თამაშს ელიან, თუმცა მეტოქე შესწავლილი ჰყავთ და გამარჯვების იმედი აქვთ.

"კარგი გუნდი გვყავს, რასაკვირველია იქნება რთული თამაში. „სარაევოს“ კარგი ნახევარდაცვა და შემტევი ხაზი ყავს, რომლებსაც ხიფათის შექმნა შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ შევისწავლეთ მეტოქე. ჩვენი ფეხბურთელები მხოლოდ თამაშზე არიან კონცენტრირებული და მეტოქე გუნდის ქომაგების შეძახილები ვერ იმოქმედებს მათ ბრძოლისუნარიანობაზე. დარწმუნებულები ვართ, მოგებას შევძლებთ," – განმარტა სტივ კინმა.

„ტორპედოს“ კაპიტანის მერაბ გიგაურის თქმით, ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ბოსნია-ჰერცოგოვინაში მოსაგებად ჩამოვიდა.

„სარაევოსთან“ ქუთაისში გამართული შეხვედრის პირველ 25 წუთში ძალიან გაგვჭირდა, მაგრამ შემდეგ მოვძებნეთ ჩვენს თავში ძალა და მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩავატარეთ – იმ თამაშის მოგება შეგვეძლო. თუ გვჯერა რომ მოვიგებთ? - რა თქმა უნდა. ამხელა გზა იმისთვის არ გაგვივლია, რომ აქ დავმარცხდეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ. ამისთვის ვართ აქ ჩამოსულები“,
-  განაცხადა მერაბ გიგაურმა.

კონფერენს ლიგის პირველი ტურის საპასუხო მატჩს „ასიმ ფერჰატოვიჩ ჰასეს“ სტადიონი უმასპინძლებს. თამაში, საქართველოს დროით, 22:55 საათზე დაიწყება.

ქუთაისში გამართული პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა, რაც ორივე გუნდს საპასუხო მატჩამდე შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს უტოვებს.


Print