საკალათბურთო კლუბ "ქუთაისი 2010"-ის მთავარი მწვრთნელის პოსტს კვლავ
კოტე ტუღუში დაიკავებს.
ამის შესახებ მან Euronews Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ საბოლოოდ გადაწყდა, რომ მე დავრჩები
ქუთაისის კლუბში და გავაგრძელებ კარიერას სწორედ ამ ისტორიულ და
უმნიშვნელოვანეს ქალაქში. ქუთაისი ქართული კალათბურთისთვის
უმნიშვნელოვანესი ქალაქია და მე მაქვს ბედნიერება, დავიცვა ამ ქალაქის
ღირსება. არაერთხელ გავხდით საქართველოს ჩემპიონები და წელსაც, კვლავ
ვიბრძოლებთ უმაღლესი მიზნებისთვის“,- განმარტა მან.
კოტე ტუღუში ქუთაისის საკალათბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელი 2015
წლიდან იყო. გასული წლის მაისში, მას ამ პოზიციაზე ხელშეკრულების ვადა
ამოეწურა. როგორც მაშინ განმარტა, კარიერის გაგრძელებას სხვაგან
გეგმავდა.
ტუღუშს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია.
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, 2011 წლიდან ის ეროვნულ გუნდში
იგორ კოკოშკოვის ასისტენტი იყო, ხოლო სერბი სპეციალისტის წასვლის
შემდეგ, 2017 წლამდე ილიას ზუროსის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ.
2016 წელს კი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს თავკაცობდა.
ამჟამად ტუღუში საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრების მთავარი
მწვრთნელია.
მასალის გამოყენების პირობები