"შევეცდები, ჩემი გამოცდილება გამოვიყენო, რომ „ტორპედო“ უკეთესი გუნდი გახდეს" - ახალი მწვრთნელი
FaceBook
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ ტორპედოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
კლუბის პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ 55 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი სტივ კინი გუნდს და მედიას წარუდგინა.

„მოლაპარაკების დროს გადამწყვეტი იყო ის ფაქტორი, რომ გუნდის განვითარებაზეა ლაპარაკი, მე კი მსურს, „ტორპედოს“ დავეხმარო. პირველივე შეხვედრის შემდეგ თამაშის გამოსწორებას შევუდგებით და შევეცდები, ჩემი გამოცდილება გამოვიყენო, რომ კლუბი უკეთესი გახდეს. გუნდი ეტაპობრივად უნდა განვითარდეს“,- განაცხადა სტივ კინმა.

კინი პრემიერლიგაში ნამუშევარი პირველი მწვრთნელია, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში იმუშავებს. მას მდიდარი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. მისი კარიერა ინგლისურ, შოტლანდიურ და ავსტრალიურ კლუბებში საქმიანობას იტევს. აქვს სანაკრებო გამოცდილებაც. საფეხბურთო კლუბებში, წლების მანძილზე, მენეჯმენტის კუთხით სხვადასხვა წამყვან პოზიციებზეც უმუშავია.

განსაკუთრებული საფეხბურთო ავტორიტეტითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა ბრიტანეთში, სადაც მას ისეთი სპეციალისტები აფასებენ, როგორებიც სერ ალექს ფერგიუსონი, ჟოზე მოურინიო, როი ჰოჯსონი და კრეიგ ბრაუნი არიან.

სტივ კინი 23 მაისს, 18:00 საათზე, წერეთლის უნივეტსიტეტის სააქტო დარბაზში „ტორპედოს“ გულშემატკივრებს და დაინტერესებულ პირებსაც შეხვდება და კლუბთან ერთად დასახული, მისი სამომავლო გეგმებისა და ამბიციების შესახებ ისაუბრებს. 

„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც კახა ჩხეტიანმა დაკავებული თანამდებობა უკვე მესამედ დატოვა.



Print