"ტორპედო" უნდა ჩამოყალიბდეს თვითკმარ კლუბად და რეგიონის განვითარებაში შეჰქონდეს წვლილი"
FaceBook
„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში", რომელიც ქუთაისის "ტორპედოს" მფლობელია, კლუბის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბრობენ.

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ დავით კერესელიძემ, გადაცემა BMGDRIVE-ში, განაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ ისეთ გუნდად უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც რეგიონის განვითარებაში წვლილს შეიტანს.

„ქუთაისი რაღაც მომენტში 250 000 მოსახლიანი ქალაქი იყო, ახლა ნახევარზე ნაკლებია დარჩენილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჯერა, რომ ქალაქის შემდგომი განვითარებისთვის, შესაძლებელია ფეხბურთმა გარკვეული როლი შეასრულოს და იმ ინფრასტრუქტურამ, რომელიც მის გარშემო მოეწყობა.

ამიტომ ეს არ არის ჩვენი მხრიდან ერთჯერადი აქცია ქუთაისის „ტორპედოს“ დახმარების, რეალურად ბევრ სხვა პროექტთან ერთად, რომელიც ფეხბურთის მიმართულებით დავიწყეთ, სისტემას ვაწყობთ. სპორტის ფაკულტეტიც ჩამოვაყალიბეთ. ამ პროცესში უცხოელი კოლეგები ჩავრთეთ სრულად და ვიზიარებთ ახლა მათ გამოცდილებას. ეს არის სპორტის მეცნიერებების ფაკულტეტი.

ვცდილობთ, ფეხბურთიდან გამომდინარე ვაჩვენოთ, როგორ შეიძლება სწორი დაგეგმვისა და განხორციელების შედეგად, შედეგები ყველასთვის მისაღები და საინტერესო იყოს. ბევრი ადამიანი ცხოვრობს ფეხბურთით, განსაკუთრებით ქუთაისში, მე რაც ვნახე, როგორ უყვართ იქ ქუთაისის „ტორპედო“.  ჩვენ ვფიქრობდით სხვადასხვა ბრენდის შემოყვანაზე, ახლაც გვაქვს შემოთავაზება რამდენიმე ბრენდზე და ქუთაისში პირდაპირ გვითხრეს, რომ აქ „ტორპედო“ განავითარეთ, რა საჭიროა რაღაც სხვაო. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთი გამოწვევაა ჩვენთვის. ჩვენ უნდა მივიდეთ განვითარების იმ დონემდე, რომ არ გვჭირდებოდეს უცხოური ბრენდები იმისთვის, რომ განვავითაროთ ფეხბურთი საქართველოში. "ნიუ ვიჟენის“ სახელით და „ტორპედოს“ ბრენდით ვაპირებთ მუშაობას.

არ ვიცი სამ-ხუთ წელიწადში მოხდება, თუ მეტი დრო დასჭირდება, „ტორპედო“ უნდა ჩამოყალიბდეს თვითკმარ კლუბად, რომელიც უნდა იყოს შემდგარი და რეგიონის განვითარებაში შეჰქონდეს წვლილი. მის გარშემო ჩვენ ვაპირებთ გარკვეული ინფრასტრუქტურის შექმნასაც და გარკვეული განვითარების ხელშეწყობას. ბუნებრივია, საწყის ეტაპზე იქნება მნიშვნელოვანი გარკვეული კაპიტალ-დაბანდებები, გარკვეული რესურსის ინვესტირება, თუმცა ჩვენ ველით, რომ სწორი მენეჯმენტის პირობებში ეს გაამართლებს“, - განმარტა დავით კერესელიძემ.

„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მფლობელი 2021 წელს გახდა.

Print