ქუთაისის „ტორპედო“ თურქეთში გაემგზავრა, სადაც სეზონისთვის მოემზადება
FaceBook
ქუთაისის „ტორპედომ“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო.
კლუბი საწვრთნელ პროცესს ჯერ თბილისში გადიოდა, 14 იანვრიდან კი თურქეთში გაემგზავრა.

ამჯერად, ქუთაისელებმა ერთთვიანი შეკრება სიდეში დაგეგმეს, რომლის ფარგლებშიც 8 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ.

შეკრებაზე კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

„კარგია, რომ ჩამოვედით, იმიტომ რომ ცუდი ამინდები ხელს გვიშლიდა, თბილისში გაგვევლო პირველი მოსამზადებელი ეტაპი. თურქეთში კარგი მოედნებია, რაც ფეხბურთელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. კლიმატიც კარგია და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დაგვეხმარება, მზადების გეგმა ბოლომდე განვახორციელოთ“-განმარტავს ჩხეტიანი.

მისივე თქმით, გუნდის რიგებში პირველი ვარჯიში ახალწვეულებმა ოთო გოშაძემ და დავით სამურკასოვმა უკვე გამართეს. მათ „ტორპედოსთან“ ხელშეკრულება რამდენიმე დღეა რაც გააფორმეს.

"რაც შეეხება ახალწვეულებს, გოშაძესა და სამურკასოვს, მათ დიდი ხანია ვიცნობ, თავიანთ გუნდებში გამორჩეულები იყვნენ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ქუთაისის „ტორპედო“ მათი შევსებით გაძლიერდება. მათ წარმატებები მინდა ვუსურვო.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელების დავალებები, რაც შესვენებაზე ჰქონდათ, შესრულებულია - ეს ყველაფერი ტესტებმა აჩვენა. ამიტომ მზადების დაწყება იმ ეტაპიდან გვიწევს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სულ მალე ამხანაგური მატჩები ჩავატაროთ“- ამბობს მთავარი მწვრთნელი.

კახა ჩხეტიანის ინფორმაციით, პირველი ამხანაგური მატჩი 21, მეორე კი - 28 იანვარს ჩატარდება. კლუბი შეკრების ბოლო ეტაპზე ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავს.

"ტორპედო" თურქეთში 15 თებერვლამდე დარჩება. 

ფოტო: არქივი (FC Torpedo Kutaisi)



Print