ქუთაისის მერიამ "ტორპედოს" ახალ მფლობელს მოედნის უფასოდ გამოყენების უფლება მისცა
FaceBook
ქუთაისის მერიამ, რომელმაც 2017 წელს შპს "ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი" იმისთვის შექმნა, რომ საკუთარი ხარჯები აენაზღაურებინა და შემოსავალიც მიეღო, ახალ მფლობელს მოედნის უფასოდ გამოყენების უფლება მისცა.

შესაბამისად, "ნიუ ვიჟენი", "ტორპედოს" მოედანზე ორი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ ჩაატარებს მატჩებს.

"მერიამ გამოიტანა საკრებულოზე, საკრებულოც დაეთანხმა და დავუდასტურეთ ჩვენც "ნიუ ვიჟენს", რომ ორი წლით უფასოდ მოემსახურება სტადიონი კალენდარული მატჩების ჩასატარებლად"
- ამბობს შპს-ს დირექტორი თამაზ კიკვაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იხდის თანხას ახალი ინვესტორი, თამაზ კიკვაძე პასუხობს, რომ ეს მისი გადასაწყვეტი არ იყო.

"ეს მერიის პრეროგატივა იყო. საერთოდ, მერია ეხმარება გუნდს, ქალაქის არის გუნდი და მერიამაც წვლილი უნდა შეიტანოს მის განვითარებაში", - ამბობს თამაზ კიკვაძე

მერიას უკვე წლებია წვლილი შეაქვს კლუბის განვითარებაში. ამას მოწმობს, თუნდაც ის ფაქტი, რომ ინვესტორის არარსებობის პირობებში, ადგილობრივი თვითმმართველობა თავად უზრუნველყოფდა მის შენახვას. მხოლოდ მოედნის მოვლა-პატრონობაში კი ყოველწლიურად 400 000 ლარს ხარჯავს, რაც იმას ნიშნავს, რომ შპს-ს საკუთარი ხარჯების დაფარვაც კი არ შეუძლია. წლიურად 40 000 ლარი, რომელიც მოედანზე დაყენებული სატელეფონო საკომუნიკაციო ანძებისა და ფეხბურთის ფედერაციისთვის ტექნიკის მიქირავებით გროვდება, იმდენად მწირია, რომ მოედნის მოვლა-პატრონობასაც არ ჰყოფნის. ეს მაშინ, როცა წლების წინ, მერია შპს-ს შექმნის მთავარ არგუმენტად, სტადიონის ადგილობრივი ბიუჯეტისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირების პერსპექტივას ასახელებდა.

შპს-ს დაფუძნებიდან მალევე, თვითმმართველობა მის იმჟამინდელი ინვესტორისთვის გადაცემასაც გეგმავდა, ალტერნატიულ გეგმად კი სტადიონიდან სარეკლამო შემოსავლების მიღებას ასახელებდა.

"თუ ინვესტორი არ დათანხმდა ამ შეთავაზებას, თვითონ სტადიონს დავტვირთავთ რეკლამებით, რომ შპს-ს თავისი შემოსავალი გაუჩნდეს", - აცხადებდა მერის მოადგილე იუზა უგულავა. საბოლოოდ, არც ერთი გამოვიდა და არც მეორე.

ფაქტია, რომ შპს "რამაზ შენგელიას სტადიონი" ქუთაისის მერიისთვის წამგებიანი აღმოჩნდა. ახლა კი გადაწყვიტა, რომ ახალ მფლობელს მოედანი ორი წლით უსასყიდლოდ დაუთმოს. "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" უკვე ფლობს ორი წლის ვადით კლუბის ბაზას, ასევე, უსასყიდლოდ.

ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე 1 სექტემბერს გასხვისდა. "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა" კლუბი 577 017 ლარად შეიძინა.
Print
თეგები: #ტორპედო