"ჩხეტო" თავისი ნებით არ წასულა - გულშემატკივრები კახა ჩხეტიანს შეხვდნენ
FaceBook
ქუთაისის "ტორპედოს" ფანკლუბის წევრები, რომლებიც გუნდის აქტიური გულშემატკივრები არიან, წერენ, რომ კლუბიდან გაშვებულ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს შეხვდნენ.

მათი ინფორმაციით, კახა ჩხეტიანი ერთ-ერთი ბოლო მატჩის შემდეგ დაიბარეს და გუნდიდან გაუშვეს.

"დღეს შევხვდით კახა ჩხეტიანს და ასევე ხელმძღვანელობას, უნდა იცოდეთ ყველამ, რომ "ჩხეტო" თავისი ნებით არ წასულა, გორთან წაგებული 0:3 ის შემდეგ დაიბარეს და გუნდიდან გაუშვეს, ისევე,  როგორც თითოეული ჩვენგანისთვის,  ასევე ჩხეტოსთვის ეს იყო მოულოდნელი, რადგან ყველამ ვიცოდით,  რომ ამ სეზონში დავალება იყო ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება
", - ამბობენ გულშემატკივრები.

მათი თქმით, კლუბის ხელმძღვანელობა განიხილავს როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მწვრთნელის კლუბში აყვანას, მანამდე კი კახა ჩხეტიანის მოვალეობას შოთა ბაბუნაშვილი შეასრულებს. 


"ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი კლუბიდან პირველ ნოემბერს გაუშვეს. კლუბის ხელმძღვანელობამ ამის შესახებ განცხადება მხოლოდ ოფიციალურ გვერდზე გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი გუნდის დაბალი შედეგებია. დამატებითი განმარტება კლუბისთვის მნიშვნელოვან ცვლილებაზე ამ დრომდე არ გაკეთებულა. განმარტება არ გაუკეთებია არც კახა ჩხეტიანს.

მთავარი მწვრთნელის გუნდისთვის ჩამოშორებას შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელში. გულშემატკივართა ნაწილი მომხდარს ჩხეტიანის საარჩევნო პროცესში ჩართვას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ იგი გახარიას პარტიის წევრობისთვის დასაჯეს. როგორც ცნობილია, კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" მწვრთნელობის პარალელურად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" სახელით, საკრებულოში შესვლისთვის იბრძოდა.

კახა ჩხეტიანი ქუთაისურ კლუბში 2017 წლიდან მუშაობდა. ფინანსური კრიზისის დროს იგი "დინამოში" გადავიდა, შემდეგ კი ისევ "ტორპედოში" დაბრუნდა.

Print