"ტორპედოს" ახალ მფლობელს კლუბის ბაზაც გადაეცა
FaceBook
ქუთაისის მერიამ "ტორპედოს" ახალ მეპატრონეს "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს",  კლუბის ბაზა ორი წლით, უსასყიდლოდ გადასცა.

შემდეგი რვა წელი კი ინვესტორი იჯარას გადაიხდის, თუმცა, მერიამ ჯერ არ იცის, რამდენი უნდა გადაიხადოს კლუბის მფლობელმა.

"აღნიშნულ ორგანიზაციას ქონება გადაეცა იმიტომ, რომ შეუფერხებლად უზრუნველყოს "ტორპედოს" განვითარება, საშინაო მატჩებისა და სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ორგანიზება. იჯარის თანხას კი დამოუკიდებელი ექსპერტი განსაზღვრავს",
- განაცხადა ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, მირზა მამასახლისმა.

ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე 1 სექტემბერს გასხვისდა. "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა" კლუბი 577 017 ლარად შეიძინა.

მთავარი პირობა კლუბის დავალიანების გასტუმრებაა, რომელიც მერიის ინფორმაციით, 2 470 000 ლარია. ახალმა მფლობელმა თანხა ორ ეტაპად, წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს.

ასევე, კლუბის განვითარებისთვის ყოველწლიურად მინიმუმ ოთხი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ინვესტორმა, თავად უნდა მოიძიოს დონორები და შემოსავლის ალტერნატიული წყაროები. თანხის 10% კი უნდა გამოიყენოს კლუბის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვის.

ახალმა მფლობელმა ყოველწლიურად უნდა მოიპოვოს უეფასა და ეროვნული ლიცენზიები. წელიწადში 100-დან 2000 ბავშვამდე კონტიგენტისთვის უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა-აკადემიისა და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება. ინვესტორმა, კლუბში, ყოველი წლის ბოლოს უნდა ჩაატაროს აუდიტორული შემოწმება და შედეგები მერიას წარუდგინოს.

მუნიციპალიტეტი ინვესტორს, "ტორპედოს" წინააღმდეგ სასამართლოში არსებულ საქმისწარმოების შედეგებზეც აკისრებს პასუხისმგებლობას და საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამი მილიონი ლარის ფარგლებში თანხის გადახდას ავალდებულებს.

ქუთაისის მერიამ "ტორპედო" აუქციონზე მეორედ გამოიტანა. პირველ შემთხვევაში კლუბის შეძენით არავინ დაინტერესდა.

ქუთაისის მერიამ "ტორპედო" აუქციონზე პირველად 2017 წელს გაყიდა. მაშინ კლუბი 300 000 ლარად გასხვისდა, თუმცა, ზაალ ჩაჩავამ ვალდებულებები ვერ შეასრულა და კლუბი დატოვა. ამის შემდეგ "ტორპედოთი" იტალიელ ინვესტორთა ჯგუფი დაინტერესდა, რომლებმაც ასევე, არ შეასრულეს ქუთაისის მერიის წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებები.
Print