ქუთაისის მერია "ტორპედოს" ყიდის
FaceBook
ქუთაისის   საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" ისევ აუქციონზე გააქვთ.

მერიამ მისთვის ახალი მფლობელის მოძებნა ამ ფორმით გადაწყვიტა. "ტორპედოს" გაყიდვას ადგილობრივი თვითმმართველობა 567 017 ლარად შეეცდება. მერიაში ამბობენ, რომ კლუბის შეძენით რამდენიმე ინვესტორია დაინტერესებული. დღეს, საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვას ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის "ალიანს ჯგუფის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომპანიის წარმომადგენელმა აუქციონის პირობების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს და განაცხადეს, რომ მერია კლუბის ფინანსურ დავალიანებასთან დაკავშირებულ საკითხებს ბუნდოვანს ტოვებს.

"როცა პირობებში წერია, რომ მყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს კრედიტორის წინაშე არსებული დავალიანება, ჩვენ არ ვიცით რა დავალიანებაზეა საუბარი. ერთ-ერთ პუნქტში, ასევე, წერია რომ დაუზუსტებელ ვალდებულებებზეც კი ინვესტორმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, პუნქტებში არ წერია რამდენი წელი უნდა შეასრულოს ეს პირობები შემსყიდველმა. ის, რაც მოვისმინეთ, ინვესტორისთვის არ არის მომგებიანი", - განაცხადა ალიანს ჰოლდინგის სოციალური საკითხების კოორდინატორმა, დავით ლორთქიფანიძემ.

ქუთაისის მერიამ სააუქციონო პირობებში სულ 11 ვალდებულება გაწერა. მათ შორის, ინვესტორი ვალდებული იქნება კლუბში ყოველწლიურად სულ მცირე ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

ქუთაისის მერიამ "ტორპედო" აუქციონზე პირველად 2017 წელს გაიტანა. მაშინ კლუბი 300 000 ლარად გაიყიდა, თუმცა, ზაალ ჩაჩავამ ვალდებულებები ვერ შეასრულა და კლუბი დატოვა. ამის შემდეგ "ტორპედოთი" იტალიელ ინვესტორთა ჯგუფი დაინტერესდა, რომლებმაც ასევე, არ შეასრულეს ქუთაისის მერიის წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებები.
Print