„ქუთაისი ამას არ გაპატიებს“ – „ტორპედოს“ გულშემატკივრები კლუბის პრეზიდენტის წასვლას ითხოვენ
FaceBook

„ტორპედოს“ გულშემატკივრებმა ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.


"ჩაჩავა წადი, დრო ამოიწურა"; "ქუთაისის ამას არასოდეს გაპატიებთ" - ამ შინაარსის პლაკატებით   აქციის მონაწილეებმა  "ტორპედოდან" კლუბის  პრეზიდენტის,  ზაალ ჩაჩავას წასვლა მოითხოვეს. მათი თქმით, ჩაჩავამ არ შეასრულა დაპირება ფეხბურთელების წინაშე არსებული სახელფასო დავალიანების დაფარვის შესახებ, რის გამოც მან გუნდი უნდა დატოვოს.


„სამი თვის ხელფასი არ არის გაცემული და კლუბი არის დაშლის პირას. პირველ რიგში პრეტენზიები არის კლუბის მეპატრონის,  ზაზა ჩაჩავას მიმართ, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ იქცევა უპასუხისმგებლოდ.  მან დადო პირობა, რომ ფინანსური პრობლემები მოგვარდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბს  დატოვებდა.  თვის ბოლოა უკვე და ხელფასები არ გაცემულა, კონტაქტზეც არ გამოდის ეს პიროვნება.  „ტორპედო“ არ არის ვინმეს საკუთრება, ეს არის  მთელი ქუთაისის სახელი, ქალაქის ისტორია და არავის არ მივცემთ უფლებას დაღუპვის პირას მიიყვანოს ეს კლუბი. მოვითხოვთ, შეასრულოს თავისი დაპირება ჩაჩავამ, ან დატოვოს გუნდი“,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე,  გიორგი ვეფხვაძე.



„ტორპედოში“ ფინანსური პრობლემები რამდენიმე თვის წინ დაიწყო, რაზეც ფეხბურთელებმა ღიად ისაუბრეს. მოგვიანებით, პრობლემების არსებობა დაადასტურა თავად ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც „ტორპედო“ 2017 წელს აუქციონზე იყიდა.


ჩაჩვამ ფინანსური პრობლემების მიზეზად ჩინური კომპანიის მიერ კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა დაასახელა და განაცხადა, რომ  ყველაფერს გააკეთებდა მდგომარეობის გამოსასწორებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდიდან წავიდოდა და კლუბს ქუთაისის მერიას დაუბრუნდებდა.

ზაალ ჩაჩავა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

Print