მარცხი "დინამოსთან"-- ქუთაისურმა კლუბმა ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა
FaceBook
დასრულდა კალათბურთის სუპერ ლიგის პლეი ოფის მეხუთე მატჩიც, რომელიც დღეს 19:00 საათზე ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდა.

ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "ქუთაისი 2010" და თბილისის საკალათბურთო კლუბი "დინამო" დაუპირისპირდნენ.

გუნდებმა 2-2 მატჩი მოიგეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეხუთე მატჩი ჩემპიონის ვინაობას გამოავლენდა.

მეხუთე მატჩი დაძაბული აღმოჩნდა, გუნდები მხოლოდ ერთი ქულით უსწრებდნენ ერთმანეთს. პირველი მეოთხედი 23:21 მოიგო ქუთაისურმა კლუბმა, თუმცა მეორე მეოთხედის შემდეგ თბილისური კლუბი გავიდა წინ და შესვენებამდე ანგარიში 39:41 გახდა, სტუმრების სასარგებლოდ.

მეორე ტაიმში ანალოგიური სიტუაცია იყო, თუმცა "დინამოს" უფრო გაუმართლა და ჩემპიონობაც მოიპოვა.

მატჩი სტუმრების სასარგებლოდ 77:69 დასრულდა.

ასევე მატჩის მიმდინარეობისას მცირეოდენ ექსესებს ჰქონდა ადგილი, მსაჯთა გადაწყვეტილებით თამაშის მიწურულს თბილისური კლუბის მთავარი მწრთნელი გააძევეს მოედნიდან. თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა და თამაშიც გაგრძელდა.

ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
Print