საზოგადოება
"ჰაერი მოგვიწამლეს" - არაოფიციალურ ნაგავსაყრელად ქცეული დასახლება ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში მცხოვრებლები, სადაც დასახლებასთან ახლოს სამშენებლო ნარჩენებს ყრიან, დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ნარჩენები ჩუმად შემოაქვთ, რაც მათ ანტისანიტარიულ პირობებს უქმნის.



დასახლებაში 70-მდე ოჯახი ცხოვრობს.   მოსახლეობის თქმით, ტერიტორია უკვე ხუთი წელია სამშენებლო ნარჩენებითაა დანაგვიანებული.

"ღამით მოდიან და ყრიან ნაგავს, უკვე შეუძლებელია ფანჯრების გაღება, რადგან მტვერისა და ბუღის მეტი არაფერი შემოდის, ჰაერი მოგვიწამლეს, რომ არაფერი ვთქვათ ნაგვით სავსე ქუჩაზე, სადაც ყოველ დღე დავდივართ," - ამბობს ადგილობრივი ლიანა დალაქიშვილი.



მოსახლეობა დახმარებისა და დაბინძურებული საცხოვრებელი ტერიტორიის დაცვისკენ გარემოს დაცვის სამინისტროს მოუწოდებს.

"ვიდრე მთლად ნაგვის გორებში არ ჩავიძირებით და არ დავიხვრჩვებით, მოგვაქციონ ყურადღება, გარემოს დაცვის სამინისტრო ვალდებულია გარემოზე იზრუნოს და ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს დაეხმაროს," - ამბობენ ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრები, თამუნა კილაძე.



საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ადგილობრივ წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ დასახლებაში უნებართვო სამშენებლო ნაგავსაყრელის არსებობის თაობაზე "ქუთაისიპოსტიდან" გაიგეს და საკითხს მოკვლევას დაიწყებენ. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს სპეციალისტი-ინსპექტორი დალი კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემის სათავე იმაშია, რომ ქალაქში სამშენებლო ნარჩენების პოლიგონის არარსებობაშია.

"კანონის შესაბამისად უნდა არსებობდეს, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სამშენებლო ნარჩენების პოლიგონი. ამიტომაა, ალბათ რომ თავად მოქალაქეებს მიაქვთ ასეთ ადგილებზე ნარჩენები," - ამბობს დალი კუპრაშვილი.

თუმცა, მისივე თქმით, პოლიგონის არარსებობა ასეთ ქმედებას არ ამართლებს და წინააღმდეგობაში მოდის ნარჩენების მართვის კოდექსთან.

"ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში პირი მინიმუმ 150 ლარით ჯარიმდება. საჯარიმო თანხა ნარჩენების რაოდენობით ანგარიშდება," - განმარტავს კუპრაშვილი.

სამმართველოს სპეციალისტ-ინსპექტორების განმარტებით, პრობლემის გადაჭრის გზა ქუთაისში სამშენებლო ნარჩენების პოლიგინის შექმნაა.

ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, საქართველოს მუნიციპალიტეტების, მათ შორის ქუთაისის ხელმძღვანელობას 2015 წელს 5 წლიანი სამოქმედო გეგმა უნდა შექმნან.

გეგმაში არაოფიციალური ნაგავსაყრელების რაოდენობა უნდა იყოს აღრიცხული და ასევე მომზადდეს ნარჩენების მართვის ეფექტური პროექტი.


Print