საზოგადოება
პოპულარული სათამაშოები ბავშვებში, რომლებიც გაღიზიანებას იწვევს
FaceBook
ბარბის თოჯინებმა, სპაიდერმენის რობოტმა, მანქანებმა თუ პლუშის სათამაშოებმა თითქმის ერთი წელია ხვედელიძეების ოჯახში კარადის თაროზე გადაინაცვლა. 14 წლის ნანამ და 10 წლის ანდრიამ ისინი ე.წ. ტყლარწით და სპინერით ჩაანაცვლა.

"ტყლარწი"- რბილი, მგარი, ჟელესებრი, სხვადასხვა შეფერილობის წელვადი მასაა. ფოლადის ფირფიტების ნაკრები, უძრავი ცენტრალური ნაწილი და  მასზე დამაგრებული მოძრავი "ბზრიალა"  - ეს კი სპინერია. ეს სათამაშოები ბავშვებში განსაკუთრებით პოპულარული დაახლოებით ერთი წლის წინ გახდა. ნანა გვიყვება, რომ სათამაშო, რომელიც ყოველთვის თან დააქვს მისთვის გართობის საუკეთესო საშუალებაა.

"პირველად ჩემს თანაკლასელს ჰქონდა და მაშინ დავინახე. მერე მშობლებმა მეც მიყიდეს და მას შემდეგ აღარც მახსოვს რამდენი მქონდა. სულ თან მაქვს ზოგჯერ სკოლაშიც მითამაშია თითქმის ყველას აქვს ჩემს თანატოლებს. სახალისოა და ალბათ ამიტომ მომწონს",  -  გვიყვება 14 წლის ნანა.

მშობლების თქმით, ბავშვების დამოკიდებულება "ტყლარწის" თუ სპინერისადმი ზოგჯერ აშფოთებთ. მათი თქმით, ბავშვები თითქმის ერთი წელია მხოლოდ ორ სათამაშოს სპინერს და ტყლარწს ითხოვენ. 

"რამდენჯერმე ვცადე სპინერის ჩანაცვლება რობოტი მანქანით, თუმცა, ჩემს შვილს მხოლოდ სპინერი ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი აქვს მაინც უნდა რომ ჰქონდეს სხვა ფერის, ზოგი ანათებს ზოგს ფეხბურთის ლოგო აქვს. მთელი დღე შეიძლება ატრიალოს და არ მოწყიდეს", - ამბობს 10 წლის ანდრიას მშობელი ჩვენთან საუბარში.

მშობლები ჩვენთან საუბარში აღნიშნავებ, რომ განსაკუთრებით შვილების სათამაშოებისადმი მიჯაჭვულობა აშინებთ, რადგან თვლიან, რომ ბოლო დროს მოზარდებში პუპულარულმა სათამაშოებმა თანატოლებთან ეზოში თამაშიც კი ჩაანაცვლა.

"მუდმივად შეუძლიათ ატრიალონ სპინერი ან ხელში ეჭიროთ ტყლარწი, გარდა იმისა რომ ტელეფონში თამაშობდნენ ახლა ესეც დაემატა, სურვილიც კი არ აქვთ ერთმანეთს ეთამაშონ ან თუნდაც ბურთი ითამაშონ",  - ამბობს ერთ-ერთი მოზარდის მშობელი.

ტყლარწი 1967 წელს გამოიგონეს, თუმცა, მსოფლიოში განსაკუთრებით პუპულარული 2 წლის წინ გახდა. ის წებოს, წყლის და არატოქსიკური მასალის შერევით მზადდება და მომხმარებლებისთვის ზიანის მომტანი არ არის.

სპინერის შემთხვეაში კი არსებობს მოსაზრება, რომ მას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და ხელის კუნთების განვითარებას უწყობს ხელს.

ფსიქოლოგი ეკა გვეტაძე ტყლარწის თუ სპინერის  ბავშვებში ფსიქოლოგიური ზეგავლენაზე საუბრობს. მისი თქმით, სათამაშოები, რომელებიც მომხმარებლისთის ერთი შეხედვით უვნებელია, შეჩვევას და ნერვულ გაღიზიანებას იწვევს.

"მნიშვნელობა არ აქვს რაზე დამოკიდებული იქნება ადამიანი. პრობლემა ის არის, რომ უკვე დამოკიდებულია. ვაკვირდები და  ეს ყველაფერი სენსორულ გაღიზიანებას იწვევს ადამიანში. ანუ შეხებით მიღებული სიამოვნება შესაძლოა გადაიზარდოს გაღიზიანებაში",  - გვიხსნის ფსიქოლოგი, ეკა გვეტაძე.

ფსიქოლოგის თქმით, გაღიზიანების მთავარი გამომწვევი კი,  ხშირად ხდება თამაშის დროს გადაემტება.  ის განმარტავს, რომ  სათამაშოებით მიღებული სიამოვნება გარკვეულ ზღვრამდე სასარგებლოა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბავშვი ამ ზღვარს გადაცდება ის აგრესიული ხდება. თამაში ზღარი კი, ბავშვებს მშობლებმა უნდა დაუწესონ. 

"სპინერის შემთხვევაში პირველი სამი დატრიალება შესაძლოა იყო სიამოვნების მომტანი, მაგრამ უკვე 20-ჯერ განმეორება იწვევს დაძაბულობას, რომელსაც თავად ბავშვი ვეღარ აკონტროლებს", - ამბობს  ეკა გვეტაძე.

ის არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სპინერს გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი, ასევე აღნიშნავს, რომ ტყლარწის შემთხვევაში მოზარდი ვერასდროს იღებს კონკრეტულ შედეგს. რაიმე გამოსახულების ან საგნის ფორმის შესაბამის, რაც ბავშვისთვის იმედგაცრუებაა.

"ყოველი ქმედება მიმართულია შედეგის მიღებისკენ. აქ კი არ არსებობს არავითარი შედეგი. თითებით გამუდმებით იქმნება ფორმა, რომელიც საბოლოო სახეს ვერასდროს იღებს, სპინერი კი ტრიალებს მონოტონურად რაც ბავშვის გაბრუებასაც იწვევს" - ამბობს ფსიქოლოგი.

სათამაშოებისგან ბავშვის ყურადღების გადატანის საუკეთესო საშუალებად ფსიქოლოგი მშობლებს რამდენიმე რჩევასაც აძლევს. მისი თქმით, აუცილებელია "ტყლარწი" და სპინერი ჩანაცვლდეს თიხით და პლასტელინით. იმისთვის რომ ბავშვმა მიიღოს კონკრეტული გამოსახულება და დაინახოს შედეგი.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ სათამაშოებზე ის ბავშვები ხდებიან დამოკიდებულნი, რომლებსაც ნაკლები ფიზიკური შეხება აქვთ მშობლებთან. ეკა გვეტაძე მშობლებს ურჩევს ჩაეხუტონ, ეთამაშონ და მეტად გაერთონ ბავშვებთან ერთად.
Print