საზოგადოება
„ცივი შხაპი უტიფარი მძღოლებისთვის“ – საგზაო უსაფრთხოების წესები მკაცრდება
FaceBook
საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი შესაძლოა გამკაცრდეს.

რეფორმის პაკეტის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. მისი ინიციატორი, პარლამენტის ვიცე–სპიკერი, არჩილ თალაკვაძეა.

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრირება შესაძლოა ისეთ დარღვევებზე გამკაცრდეს, როგორიცაა, მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა დარღვევა.

ქუთაისში ახალ ინიციატებს და შესაძლო აკრძალვებს მოქალაქეების უმრავლესობა დადებითად აფასებს. ისინი ამბობენ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ის, დროული იქნება.

ნახეთ ვიდეოგამოკითხვა:



დოკუმენეტის  მიხედვით, ასევე, განიხილება ე.წ. უკონტაქტო პატრულირების დანერგვაც.

უკონტაქტო პატრულირება  ნიშნავს, რომ შსს–ს ავტომანქანები ქვეყნის ქუჩებში ამოსაცნობი ნიშნის გარეშე იმოძრავებენ. ისინი აღჭურვილნი იქნებიან ფოტო და ვიდეოტექნიკური საშუალებებითა და სიჩქარის განმსაზღვრელი არასტაციონარული მოწყობილობით.

რეფორმის ნაწილი წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო ინიცირებული. თუმცა, მისი დამტკიცება ვერ მოხერხდა. მაშინ კანონპროექტის უკონტაქტო პატრულირების ნაწილი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ მოქალაქეებზე "ფარულ თვალთავალად" შეფასდა. რის გამოც, შინაგან საქმეთა სამინისტროში მასზე განცხადებაც გაკეთდა.

სამაგიეროდ, დადებითად აფასებენ ინიციატივას საგზაო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

"უტიფარი მძღოლებისთვის ეს სიახლე ცივი შხაპის მიღების ტოლფასი იქნება", – ასე აფასებს ახალ ინიციატივას "საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" პრეზიდენტი, შალვა ობგაიძე.

მისი განმარტებით, მძღოლები მოძრაობას იქ ანელებენ, სადაც კამერა არაა დამონტაჟებული. მისივე განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი ავარიების შემცირებაა.

"თუკი ყოველწლიურად 600 დაღუპვისა და 10 ათასი ადამიანის დასახიჩრების ფაქტმა შემცირება დაიწყო, ეს იმას ნიშნავს, რომ რეფორმამ წარმატებულად იმუშავა", – ამბობს შალვა ობგაიძე.

ის, ასევე, აღნიშნავს, რომ დაგეგმილ რეფორმათა 90 % წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო ინიცირებული, თუმცა მისი დამტკიცება ვერ მოხერხდა.

ასევე, აფასებს საგზაო უსაფთხოების ნორმების გამკაცრებას "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი. ის, განსაკუთრებით, უკანტაქტო პატრულირების შესახებ კანონპროექტის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში მძღოლს ექნება განცდა რომ ყველგან კონტორლდება მისი მანევრირება. ეკა ლალიაშვილის თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც უკონტაქტო პატრულირება და ქულათა სისტემა მოქმედებს, ავტოავარიათა რიცხვმა, დაახლოებით, 30% იკლო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც 581 დაიღუპა, 9 951 კი დაშავდა. 2015 წელთან შედარებით ავტოავარიების რიცხვი 7 %–თაა გაზრდილი.
Print