საზოგადოება
ომბუდსმენის ანგარიში: აფხაზეთის დეფაქტო მთავრობაში 2 ქალი მინისტრია, ე.წ სამხრეთ ოსეთში კი - 4
FaceBook
აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქალები უფრო აქტიურები არიან სამოქალაქო სექტორში, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში, ვიდრე პოლიტიკაში.
ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის  სპეციალურ ანგარიშშია აღნიშნული.

"ქალთა და ბავშვთა უფლებები კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში" - ასე ჰქვია ანგარიშს, რომელიც 2014-2016 წლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქალთა და ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას მიმოიხილავს.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში, 2016 წლის დეკემბრისთვის, 12 მინისტრიდან მხოლოდ 2 ქალია, რაც 16,6%-ს შეადგენს. მათ კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის და იუსტიციის მინისტრის პოსტები უჭირავთ.

სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში კი აღნიშნულია, რომ 2012 წლის დე ფაქტო არჩევნების შედეგად, აფხაზეთის 35 ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 1 ქალი (2.8%) შევიდა.

გასული წლის 3 აპრილს ჩატარებულ დე ფაქტო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეულ 170 კანდიდატს შორის, დაახლოებით 7,5%-ს, ქალები შეადგენდნენ.

სახალხო დამცველის ანგარიშში იაღნიშნულია, რომ ამ მხრივ უკეთესი მაჩვენებელია ე.წ. სამხრეთ ოსეთში, სადაც ბოლო ორი მოწვევის დე ფაქტო პარლამენტში 34-დან 6 დეპუტატი ქალი იყო (17.6%).

რაც შეეხება მთავრობას, 2016 წლის დეკემბრისთვის, 12 მინისტრიდან 4 ქალია (33.3%). ეს მაჩვენებლები უსწრებს როგორც აფხაზეთის, ისე დანარჩენი საქართველოს მონაცემებს.

"ე.წ. სამხრეთ ოსეთის 2011 წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში იბრძოდა ქალი კანდიდატი ალა ჯიოევა, რომელმაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოიგო კიდეც არჩევნები, თუმცა, განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო ალა ჯიოევა ვერ გახდა დე ფაქტო პრეზიდენტი და ახლა დე ფაქტო პრემიერ მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს," - აღნიშნულია ომბუდსმენის ანგარიშში.

Print