საზოგადოება
არგო, ზღვა და მზე - ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მოხატული კედელი (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის შენობის პირველ სართულზე კედელი არგონავტების მითის მიხედვით მოიხატა. რუსი მხატვრის მიერ შესრულებული ნახატი ქუთაისის მერიას 4950 ლარი დაუჯდა.

არგოს გემი, იალქანი, ნიჩბები, ბორჯღალო (მზის მნიშვნელობით), ზღვა, საცხოვრებელი კორპუსები - ამ დეტალებისგან შედგება ნახატი, რომელიც რუსმა მხატვარმა არტემ სტეფანოვმა თვენახევრის წინ შეასრულა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ კედლის მოსახატავად ხელოვანი ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეარჩია, რომელსაც თანხა ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ბიუჯეტიდან გადაუხადეს.



„ქუთაისიპოსტის“ ინფორმაციით, კედლის მოსახატავად თავდაპირველად მოლაპარაკებები რამდენიმე ადგილობრივ მხატვართან მიმდინარეობდა.

მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციაშიც განმარტავენ, რომ შენობის კედელზე ნახატის შესასრულებლად ესკიზი ქუთაისელ მხატვარს გოჩა ჩხაიძესაც ჰქონდა გაკეთებული.

"მაგრამ შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი. უცხოელი ჩამოიყვანეს. ასე ერთპიროვნულად ამის გადაწყვეტას არ მოაქვს არანაირი დადებითი შედეგი. უცხოელი მიიღებს მონაწილეობას თუ ადგილობრივი, უნდა აირჩეს საუკეთესო. ჩვენთვის რომ მოემართათ, დიდი სიამოვნებით მიიღებდნენ ადგილობრივები მონაწილეობას", - ამბობს მხატვართა კავშირის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვალერი მეძმარიაშვილი.

„ქუთაისიპოსტი“ მხატვარ გოჩა ჩხაიძესაც დაუკავშირდა იმის გასარკვევად, იყო თუ არა მასთან მოლაპარაკება და რა მიზეზით ეთქვა უარი. თუმცა, ჩხაიძე ირწმუნება, რომ მასთან არანაირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ, ამ თემაზე საუბარიც არ სურს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან მერიაში გადმოგვამისამართეს. ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ შენობის კედელზე ნახატის შესასრულებლად ადგილობრივი მხატვრების მოძიება არ მომხდარა.

ქუთაისის მერიამ ააიპ ქუთაისის ტურისტულ–საინფორმაციო ცენტრისთვის ლუდსახარში „მირზაანის“ ყოფილი შენობა 2015 წელს შეიძინა.

ტურიზმის ცენტრი გასული წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო, თუმცა შენობაში ამ დრომდე კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

გახსნის გაჭიანურების მიზეზად ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ტატო ლილუაშვილი ინვენტარის შეტანას და მისი მოწესრიგებას ასახელებს.




მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი ირწმუნება, რომ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრს 2017 წლის თებერვლის ბოლოს გახსნიან.

Print