საზოგადოება
"შეთხზული საქმეა" – საკრებულოს დეპუტატების შეფასება ლაშა გვენეტაძის საქმეზე
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები კოლეგის,  ლაშა გვენეტაძის, მისი ძმის შოთა გვენეტაძისა და მეგობრის, შიო ჯანელიძის მიმართ პატიმრობის შეფარდებას უსამართლოდ მიიჩნევენ.
"ეს არის ერთ–ერთი ყველაზე  უსამართლო გადაწყვეტილება, რაც ოდესმე მიუღია ქუთაისის სასამართლოს. შეთხზული საქმეა, მაგრამ არ ვიცი ვისი დავალებით ან საიდან მოდის. არ შეიძლება ერთი ადამიანის ჩვენების საფუძველზე, სამი ადამიანი იჯდეს ციხეში", – აცხადებს საკრებულოს დეპუტატი, კახი დვალიშვილი.

"ნამდვილად არ ველოდი ამ გადაწყვეტიელბას, გაოცებული დავრჩი. ლაშა და შოთა ორივე ჩემი მეგობრები არიან და ყევლამ იცის მათი რეპუტაცია. იქნებ გადაიხედოს ეს გადაწყვეტილება და შეიცვალოს პატიმობა", -  ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნიკა ლატარია.

"არ მეგულება არც ერთი ადამიანი, ვინც სხვაგვარად მოიქცეოდა წინაპრის საფლავის შეურაცხყფოს გამო. მართალია, დეპუტატს აქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ მორალური თვალსაზრისით ეს არის ძალიან ემოციური თემაა. რაც შეეხება,  მის პატიმრობას, არ ვეთანხმები, რადგან ლაშა გვენეტაძე საზოგადოებისთვის საფრთხეს ნამდვილად არ წარმოადგენს",– აცხადებს საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი, ბესიკ ბრეგაძე.

ლაშა გვენეტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას უსამართლოდ მიიჩნევს საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დვალიც.

"სად დაინახა სასამართლომ იმის რისკი, რომ ისინი შეიძლება მიმალულიყვნენ, მაშინ,  როდესაც თითქმის ნახევარი საქართველო დოკუმენტალურ თავდებში დავუდექით, რომ ისინი არ ეცდებოდნენ არიდებოდნენ მართლმსაჯულებას, თუ ექნებოდათ არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიება. მოსამართლე ნუთუ მართლა კმაყოფილია საკუთარი გადაწყვეტილებით?!", – განაცხადა დავით დვალმა.

ლაშა გვენეტაძეს, შოთა გვენეტაძეს და შიო ჯანელიძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიმდინარე წლის 9 თებერვალს შეუფარდა

საქმე ეხება მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში, ლაშა და შოთა გვენეტაძეების მამის საფლავის გაქურდვის ფაქტს, რომლის დროსაც, საფლავიდან ბრინჯაოს ბარელიეფი მოიპარეს.

გამოძიების ინფორმაციით, როდესაც ძმებმა მომხდარის შესახებ შეიტყვეს, იმის ნაცვლად, რომ ფაქტი პოლიციისთვის შეეტყობინებიათ, თავად გადაწყვიტეს მომხდარში გარკვევა და მათი ვარაუდით, ქურდობაში ეჭვმიტანილ პირს მ.დ.–ს იარაღის მუქარით ფიზიკურად გაუსწორდნენ, რასაც პროკურატურის მხრიდან მათი დაკავება მოყჰვა. თავად ქურდობის ფაქტზე კი დაწყებულია ძიება, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

ლაშა გვენეტაძეს, ძმასთან და მეგობართან ერთად ბრალი 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით წარედგინა, რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ 7-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

უკვე ცნობილია, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს დაცვის მხარე.

ბრალდებულების საქმეზე წინსასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 30 მარტსაა ჩანიშნული.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს ლაშა გვენეტაძეს, სამსახურეობრვი უფლებამოსილება შეუჩერდება.

ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუჩერდება სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში.

უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება პატიმრობის ან ადმინისტრაციული პატიმრობის მოქმედების ვადით.


Print