საზოგადოება
ქუთაისში ტაძრის სამრეკლოში სამკერვალოა გახსნილი
FaceBook
ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე არსენ იყალთოელის სახელობის ეკლესიის სამრეკლოში სამკერვალოა გახსნილი, სახელწოდებით „მზიანი“.

სამრეკლოზე განთავსებული აბრა მიუთითებს, რომ იქ საერო და სასულიერო სამოსი იკერება.

სამკერვალო სამრეკლოს ქვედა ფართშია მოწყობილი. ადგილზე მყოფი პირების თქმით, სამკერვალო პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნა და ფართი იჯარით აქვთ აღებული. მათი საქმიანობა კი მოძღვართან შეთანხმებულია. (ეკლესიის წინამღვარი მამა სვიმეონ (სვანიძე) გახლავთ).

„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამკერვალოს ფუნქციონირებისთვის დაფინანსება მიიღეს მამა სვიმეონისა და მამა ლონგინოზის მეუღლეებმა, ფოფოდიებმა. კვირას და სადღესასწაულო დღეეში დიდი დატვირთვით არ ვმუშაობთ. იკერება, როგორც სასულიერო ასევე, საერო სამოსი, სხვა მეტი არაფერი ვიცი“ - ამბობენ ადგილზე მყოფი პირები. მათი თქმით, სამკერვალოში მისვლა და მომსახურების მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

მათივე ინფორმაციით, ეკლესია ორი წელია რაც აშენდა, ხოლო სამრეკლოში სამკერვალო რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს.



როგორც ადგილზე განგვიცხადეს, ეკლესიის წინამძღვარი მამა სვიმეონი ამ დროისთვის გერმანიაში იმყოფება.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის ერთ-ერთი მოძღვარი მამა მატათა „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში ამბობს, რომ თუკი ეკლესიას აქვს საშუალება და საეკლესიო ფართი რაიმე დანიშნულებით იქნება გამოყენებული, გაფორმებული უნდა იყოს ხელშეკრულება. თუმცა, მისთვის უცნობია, არსებობს თუ არა მსგავსი დოკუმენტი.

მოგვიანებით მამა მატათამ განგვიცახდა, რომ ის ტელეფონით ესაუბრა ეკლესიის წინამძღვარს გერმანიაში.

"როგორც გავიგონე, მითხრა რომ ხელშეკრულების გაფორმების პროცესს ახლა ახორციელებენ," - ამბობს მამა მატათა.

"ქუთაისიპოსტმა" თავადაც სცადა ეკლესიის წინამძღვართან დაკავშირება, თუმცა ამ დროისთვის მას ტელეფონი გამორთული აქვს.

საქართველოს საპატრიარქოს ქუთაის-გაენათის ეპარქიის რეზიდენციის მდივანმა თინათინ მოგელაძემ განმარტა, რომ მსგავს საკითხებზე მეუფე კალისტრატეს 18 საათის შემდეგ სახლში ან ღვთისმსახურებაზე ტაძრებში უნდა მიაკითხოთ. კონკრეტულად, რომელ ეკლესიაშია ამ დროისთვის მეუფე კალისტრატე, ამბობს, რომ ეს მისთვის უცნობია.

„აწარმოე საქართველოს“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამკერვალოს მოწყობისთვის დაფინანსება ნამდვილად გასცეს, თუმცა საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ და წერილობითი განცხადება მოითხოვეს. (ქუთაისიპოსტმა უკვე დაწერა განცხადება, ინფორმაციის წერილობითი ფორმით მიღების თაობაზე).

რაც შეეხება სამრეკლოზე განთავსებულ აბრას, მამა მატათა აცხადებს, რომ ეკლესიის წინამძღვარს მისცემენ შენიშვნას და აბრაც ჩამოიხსნება.

"ეკლესიის წინამძღვარმა მითხრა, რომ მასაც არ მოსწონს აბრა, რომლის გადატანას ისედაც აპირებდნენ და ახლა დააჩქარებენ ამ პროცესებს," - ამბობს მამა მატათა.

ამავე თემაზე:

ეკლესიის სამრეკლოში გახსნილი სამკერვალო 10 526 ლარით დაფინანსდა



ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია.
თანხმობის შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას მასალის ლინკთან ერთად მიუთითეთ წყარო.


Print