საზოგადოება
"საერთაშორისო გამჭვირვალობამ" იმერეთის 6 მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის ფაქტები გამოავლინა
FaceBook

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციის შესწავლის შედეგად, იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის ნიშნები გამოავლინა.


ორგანიზაციამ ამის შესახებ კვლევა დღეს გამოაქვეყნა.

"ასეთი შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ისეთ ფაქტებზე, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის დროს თანამდებობის პირის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში არ მუშაობდა," - განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

მაგალითად, "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" იმერეთის ვიცე-გუბერნატორი და "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჭიღვარიასა და მისი მეუღლის თამთა ფოფხაძის სამუშაო ადგილი (ააიპ ქუთაისის ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის უფროსი) ნეპოტიზმად შეაფასა.

ეს უკანასკნელი, მეუღლის ვიცე-გუბერნატორის პოსტზე დანიშვნამდე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რიგით სპეციალისტად მუშაობდა.

ქუთაისის გარდა, ასევე ნეპოტიზმად შეფასდა ხარაგაულის, ბაღდათის, ტყიბულის, საჩხერისა და წყალტუბოში თანამდებობის პირების ახლობლების სახელმწიფო უწყებებში დასაქმება.

არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო უწყებებში ნეპოტზიმის აღმოსაფხვერალდ რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავა. მათ შორის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაა, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით, რესურსებით იქნება აღჭურვილი და დაცული იქნება პოლიტიკური გავლენისგან.

"შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მომზადებული აქვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ის ჯერ არ განუხილავს. მოვუწოდებთ ახალი მოწვევის პარლამენტს, სათანადო პასუხისმგებლობით და ყურადღებით მოეკიდოს საჯარო სამსახურში არსებულ გამოწვევებს და გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები მათ მოსაგვარებლად" - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში.


 

 

Print