ქუთაისის საკრებულომ რიგით 25- ე სხდომაზე ქალაქის განვითარების
სტრატეგიული საშუალოვადიანი გეგმა დაამტკიცა.
მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის, პაატა
კლდიაშვილის განმარტებით, ქალაქის სივრცით - ტერიტორიული განვითარება,
მისი რეგიონალურ ცენტრად ქცევა, ეკონომიკური, ტურისტული,
საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული აქტივობები პროექტის მთავარი
მიმართულებებია.
ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმა ქუთაისის საკრებულოს
უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოიწონეს, თუმცა პროექტი კრიტიკის
საგანი გახდა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის.
გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ნატო ქათამაძის განცხადებით,
ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები მან ორი წლის წინ
გააჟღერა.
"ეს საკითხები განხილვის საგანი ჩემი მხრიდან ჯერ კიდევ ორი წლის წინ
იყო," - განაცხადა ქათამაძემ.
ქუთაისის განვითარების გეგმა დაიწუნა საკრებულოს "ნაციონალმა'
დეპუტატმა ამირან ძოწენიძემ.
როგორც ის ამბობს, ქუთაისის სტრატეგიულ დოკუმენტში ქალაქის
საპარლამენტო სტატუსის შესახებ მოხსენიებული არაა.
"დოკუმენტი არის მხოლოდ კეთილი სურვილები, სადაც ჩანს მმართველი
პოლიტიკური ძალის მთავარი სურვილი, რომ ქალაქს დაუკარგონ საპარლამენტო
ფუნქცია, რაც კონსტიტუციის იგნორირებაა მმართველი გუნდის პოლიტიკური
ინტერესებიდან გამომდინარე და სხვა არაფერი," - აცხადებს ამირან
ძოწენიძე.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით, ქალაქს უკვე აქვს საპარლამენტო
სტატუსი, რაც მისი სხვა მიმართულებით განვითარებას არ
გამორიცხავს.
მასალის გამოყენების პირობები