საზოგადოება
მოსახლეობა VS "საქმიანი ეზო"
FaceBook

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩა #51-ში მცხოვრებლები, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს საამქროების ფუნქციონირებას აპროტესტებენ.

ადგილობრივების განმარტებით, ხმაურთან ერთად, ხისა და რკინის მასალების დამუშავების შედეგად წარმოქმილი მტვერიც აწუხებთ. მოსახლეობა ღამის საათებში საამქროებში მუშაობის შეწყვეტას ითხოვს.

"წლებია ასეთ პირობებში ვცხოვრობთ დღე და ღამე ხმაური გვაწუხებს. სახლში ერთმანეთის ხმაც კი არა გვესმის, როცა სახერხი ჩაირთვება", - ამბობს ჭავჭავაძის ქუჩა #49-ში მცხოვრები.

ხმაურის გარდა ადგილობრივი მოსახლეობა ჰაერის დაბინძურებაზე საუბრობს. ისინი ირწმუნებიან, რომ საცხოვრებელი კორპუსის 500-მდე ბინადარს ალერგიული ფონი აქვს გამწვავებული.

სახერხი საამქროს მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაში, ალერგიული შემთხვევების გამოვლენას არ გამორიცხავს ექიმი-ალერგოლოგი, რომელიც ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ ხის ნახერხი ძლიერი ალერგენების ჯგუფს მიეკუთვნება.

"მტვერი არის ერთ-ერთი ალერგენი. ეს ოთახის მტვერი იქნება თუ საყოფაცხოვრებო, ნებისმიერის შემთხვევაში, ხდება ალერგიული ფონის გამწავავება, რომელმაც თავის მხრივ შეიძლება ქრონიკული დაავადებები გამოიწვიოს," - ამბობს ექიმი-ალერგოლოგი, მანანა ქაჯაია.

ადგილობრივი მოსახლეობა ჰაერის შემცველობის შემოწმებას და აღნიშნული ფაქტით შესაბამისი უწყებების დაინტერესებას მოითხოვს.

"გასაგებია, რომ იქ ადამიანები არიან დასაქმებული, რომელთათვის ეს სამუშაო შემოსავლის ერთადერთი წყარო შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ რას გვერჩიან. ის სახერხი მაინც აიღონ, რომ ხმაურმა არ შეგვაწუხოს," - აცხადებენ ადგილობრივები. მათივე მტკიცებით, წლების წინ განსხვავებული ინფორმაცია მიიღის. რომლის თანახმად, საცხოვრებელ კორპუსთან უნდა მოწყობილიყო არა ხისა და რკინის საამქროები, არამედ სხვადასხვა მასალების საწყობი.

"საქმიანი ეზო"

ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული საამქროები შპს "ოაზისი -2002"-ის საკუთრებაა, რომელსაც თავის მხრივ, ფართები 223-მდე ორგანიზაციაზე (შპს-სა და ინდ.მეწარმეზე) აქვს იჯარით გაცეული.

20 000 კვ.მ ტეირტორიაზე სხვადასხვა სახის (რკინსა და ხის) საამქროები არის განთავსებული.

1999 წლიდან 2004 წლამდე შპს "ოაზისი -2002"–ს მიწის ნაკვეთი იჯარით ჰქონდა აღებული. 2004 წელს კი ტერიტორია აუქციონზე შეისყიდა. ადგილი, სადაც საამქოროები ფუნქციონირებს "საქმიანი ეზოს" სახელწოდებითაა ცნობილი.

შპს "ოაზისი 2002"-ის დირექტორი იოსებ მურუსიძე ირწმუნება, რომ მის საკუთარებაში არსებულ ტეირტორიაზე საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი მტვრისა და ხმაურის ოდენობა განსაზღვრული და დადგენილია და სამუშაოებიც კანონშესაბამისად ხორციელდება. შესაბამისად, კომპანიისთვის მოსახლეობის პრეტენზია მისაღები არ არის.

"ყოველ წელიწადს გავცემთ ინფორმაციას ხე-ტყის, რკინის დამუშავების შედეგად რა მოცულობის მტვერი ან ხმაური წარმოქმნება. ეს ყველაფერი არის ჩამჯდარი სტანდარებში. ყოველწლიურად გვამოწმებენ და არასოდეს ყოფილა პრეტენზია ჩვენს მიმართ", - ამბობს "ოაზისი 2002-ის" დირექტორი, იოსებ მურუსიძე.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტში განმარტვენ, რომ ისეთი ტიპის საამქროები, როგორიც არის შპს "ოაზისი 2001" არ ექვემდებარება ეკოლოგიური ექსპერტიზას.
"მათთვის სავალდებულოა გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დაცვა", - განმარტავენ დეპარტამენტში.

შპს "ოაზისი-2002" საქმიანი ეზოსთვის შემუშავებული "ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათ ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან 2012 წელს აქვს შეთანხმებული.

"ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავებას უზრუნველყოფს საქმიანობის სუბიექტი, რომლის საქმიანობის შედეგადაც ხდება დაბინძურების სტაციონარული ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა", - განმარატვენ დეპარტამენტში.
ეს ანგარიში კი "ოაზის-2002"-ს გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ შპს "სამნი"-მ ორი წლის წინ მოუმზადა.

შპს "სამნის" წარმომადგენლის, თეიმურაზ კეპულაძის განმარტებით, მათ მიერ მომზადებული ანგარიშის შედეგად საამქროებში, თითოეული ტექნოლოგიური პროცესის დროს გამოყოფილი მტვერისა და ხმაურის ოდენობა განისაზღვრება.

"ჩვენ უბრალოდ ვიღებთ შეკვეთას ტენიკური ანგარიშის შესადგენად. მე ვერ გეტყვით და არც მაქვს უფლება კერძო კომპნიის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდით. არსებობს მაკონტროლებელი ორგანოები, რომლებმაც უნდა შეისწავლონ ანგარიშის ფარგლების შესაბამისად ხდება თუ არა საამქროების მუშაობა. ოღონდ, ეს უნდა მოხდეს მოსახლეობის მიმართვიანობის საფუძველზე, რადგან თბილისიდან უნდა გამოიწვიონ სპეციალური ჯგუფი და ლაბორატორია," - განმარტავს თეიმურაზ კეპულაძე.

ამ ანგარიშის გარდა, "ოაზისის" მსგავს საწარმოები, ვალდებულნი არიან, მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ საინფორმაციო ანგარიში გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ წარადგინონ.

გასულ წელს შპს "ოაზისს" უწყებაში ანგარიში არ წარუდგენია, რის გამოც ის 150 ლარით დაჯარიმდა.

 

Print