საზოგადოება
ძველი ქუჩების ახალი „სათქმელი“ (ფოტო/ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩაა.

დიდი, პატარა, ძველი ან კიდევ უფრო ძველი.

შედარებით ცოტაა „სახიანი“ და სახელიანი, უფრო მეტი უისტორიო, უსახო, ან ერთი შეხედვით უსახო.

ქუჩები, რომელთაც აქვთ "სათქმელი".

ქუთაისში, ლომონოსოვის ქუჩის "სათქმელი" 2015 წელს გაჟღერდა. ქუთაისელმა რეჟისორმა ლევან ბიბილეიშვილმა და მხატვარმა ლია უკლებამ ერთობლივი პროექტი განახორციელეს, ქუჩის ნაცრისფერ კედლებზე ცნობილი ჯაზშემსრულებლების სტენსილები გამოსახეს.




ოფიციალურად ლომონოსოვის ქუჩა არაოფიციალურ ჯაზის ქუჩად იქცა.

ლომონოსოვის ქუჩას, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში გაშენდა, არ გამოარჩევს განსაკუთრებული არქიტექტურა, ის გამორჩეულად მოხატულმა კედლებმა აქცია.

ქუჩა, მისი სტიქიურობით, ცვალებადი ტემპით, ხმით, ისედაც ჰგავს ჯაზს, ამიტომ რეი ჩარლზის, ელა ფიცჯერალდის, ნინა სიმონეს, მაილს დევისის და სხვათა ცნობილი ნახატების რეპროდუქციები ბუნებრივად ჩაეწერა ქუჩის ფერწერაში.

თუმცა ქუჩის შესაძლებლობები ამით არ ამოიწურება. მას ბევრი შრე აქვს, ბევრი დინება და ქვედინება, რომელიც ქმნის ახალ შინაარსს და მერე მოითხოვს შესაბამის ფორმას .

ლევან ბიბილეიშვილს გაუჩნდა საკუთარი ქუჩის კიდევ უფრო დატვირთვის და გამდიდრების ახალი იდეა.. ეს კონცეფცია მაკეტში გამოსახა.




"ლომონოსოვის ქუჩა არ არის კლასიკური ძველი ქუთაისური ქუჩა, სადაც ლამპიონებია და ა.შ., ლამპიონები აქ არ მოუხდებოდა, რადგან სხვანაირი განლაგება და ესთეტიკაა, ამიტომ წარმოიშვა განაშენიანების იდეა, თუკი ქუჩის რაღაც ტიპის რეკონსტრუქცია მოხდებოდა, განაშენიანება და გამწვანება იქნებოდა ყველაზე კარგი ეკოლოგიურადაც და ესთეტიკურადაც. თან ამ პროცესში ამ ქუჩის მობინადრეებიც ჩაერთვებოდნენ", - ამბობს ლევან ბიბილეიშვილი.

ქუჩის მობინადრეების უმეტესობა ახალგაზრდაა. სახელმწიფო უნივერსიტეტთან სიახლოვის გამო, ლომონოსოვის ქუჩაზე ბინებს ბევრი სტუდენტი ქირაობს და მათი სიმრავლე სხვა ენერგიით მუხტავს იქაურობას.

"ჯაზის ქუჩა" პაემანის ქუჩა შეიძლება იყოს, შეხვედრის ადგილი. გახდეს მნიშვნელოვანი სწორედ სტუდენტებისთვის. თუკი სუროებით, იასამნის ყვავილებით განაშენიანდება. ჩაიდგმება სკამებიც, რომლებიც ორადგილიანი უნდა იყოს და არა ოთხადგილიანი, რომ არ იქცეს „ბირჟად“, არამედ სწორედ წყვილების ადგილად, სადაც საღამოობით ერთად ჩამოსხდებიან", - ამბობს რეჟისორი.


პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ლომონოსოვის ქუჩა, რომელსაც არ გააჩნდა განსაკუთრებული ისტორია, შეიძლება გახდეს ისტორიის ნაწილი, მიეცეს სახე, შეიძინოს ფუნქცია. გახდეს ახალი მიზიდულობის ცენტრი.

ლევან ბიბილეიშვილი ფიქრობს, რომ ქალაქის წარმომადგენლებიც ხელისუფლებაც და საზოგადოებაც, სწორედ ასეთი ქუჩების სახეცვლაზე უნდა ფიქრობდეს. ნაკლებად ერეოდეს წარსულში, უკვე დიდი ისტორიის მქონე ადგილებში, ძეგლებში, არამედ ქმნიდეს მათ საკუთარ დროში.

"ახალი ხიდები ვაშენოთ, ძველებს სახე შევუნარჩუნოთ", - ამბობს ლევანი.

"ახალი ხიდები", ახალ ადგილებში, არაისტორიულ ქუჩებსა თუ გარეუბნებში დეცენტრალიზების პროცესს გააჩენს და გარეუბანიც დაუბრუნდება ქალაქს. ქალაქი კი დაუბრუნდება საკუთარ დროს, მიაჩნიათ ჯაზისა და "პაემნების ქუჩის" ავტორებს.

"21-ე საუკუნის ქუთაისი შესაძლებელია სწორედ გარეუბნებში "ვიპოვოთ", გარეუბნის ესთეტიკაში", - ამბობს მხატვარი და სტრიტარტისტი ლია უკლება.

"ხელისუფლებას აქვს ძალიან ვიწრო თვალსაწიერი, იგი ცენტრალური უბნების მეტს ვერაფერს ხედავს, მიიჩნევს, რომ რიონისპირა სახლები, თეთრი ხიდი, ცენტრალური მოედანი არის ქუთაისის ავთენტური ნაწილი. გარეუბნები კი თითქოს ქუთაისი არ არის", - ამბობს მხატვარი.
გარეუბანი სიძველეს არ ინახავს. ის რაც ძველი არ არის, ვერ იქნება ქუთაისი. ამას აქსიომადქცეული სტერეოტიპი მიუთითებს. თუმცა ლია უკლება სხვანაირ ქუთაისზე საუბრობს

"ქუთაისი არის ძალიან დამახასიათებელი კულტურის ქალაქი, ვერაფრით დავეთანხმები ვინც ამბობს, რომ ქუთაისი გაჩერებულია და მისი მშვენება მხოლოდ სიძველეში უნდა ვეძებოთ. ქალაქი მოძრაობს, მაგრამ მოძრაობს დინჯად, რაშიც არის ძალიან დიდი ხიბლი. უბრალოდ ქუთაისი არ ხმაურობს, არაფერზე "ვარდება" არამედ ეძლევა დინჯ რეფლექსიას. თანამედროვე სამყაროს პულსზე ქუთაისსაც მუდმივად უდევს ხელი", - ამბობს ლია უკლება.

პულსაცია იგრძნობა ქუთაისელების ქუჩების გაახლების იდეებსა თუ ქუჩის მხატვრობაში, რომელიც სწორედ გარეუბნის ხელოვნებაა.

სტრიტ-არტში კედლები ლაპარაკობენ და გამოხატავენ ამ კედლების მიღმა მცხოვრები თანამედროვე ადამიანების ტკივილსა თუ სიხარულს.



ლია უკლებას შემთხვევაში, ეს ქალების სათქმელია, პატრიარქატის მკაცრი კანონებით უფლებაშეზღუდული ქალების ხმა, რომელიც განსაკუთრებით მძლავრად გაისმა 21-ე საუკუნეში.

მხატვარმა ეს სათქმელი იმერეთის მუნიციპალიტეტების კედლებიდანაც გააჟღერა - ქუთაისში, წყალტუბოში, სამტრედიასა და ხონში. ნახატები ხონის გარდა ყველგან გადაშალეს დაუდევრობით თუ მავნებლობით. სათქმელი მავანთათვის მიუღებელი აღმოჩნდა.



„შეწყდეს ძლადობა“ - ლია უკლებას მიერ მოხატული კედელი ხონში


კედელი წყალტუბოში, სადაც ლია უკლებას მიერ დახატული სტენსილი იყო



გადღებილი კედელი სამტრედიაში, სადაც ლია უკლებას ნახატი იყო

"მოსახლეობამ მოგვმართა ფასადების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. დაკმაყოფილდა მათი სურვილი. ნახატი არ ვიცი ვინმეს უშლიდა თუ არა ხელს. მაგრამ მოსახლეობა, რასაც ითხოვდა იმისდა მიხედვით გაკეთდა მთლიანად რუსთაველის ქუჩის ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. მხატვარს თუკი სურვილი ექნება, შეუძლია შემოვიდეს განცხადებით და თავიდან განათავსოს ნახატი".

ასე ახსნეს მაშინ სამტრედიის მერიაში კედელზე ნახატის გადაღებვა.

ნახატი დაუდევრობამ შეიწირა. სხვა შემთხვევაში სტრიტ-არტის ნიმუშებს დრო ერევა. ის არც გულისმობს მუდმივ და მარადიულ არსებობას. ქუჩის მხატვრობა დინებას ასახავს, რომელსაც მიაქვს და მოაქვს სათქმელი, ფორმები, სახელები, პრობლემები, მაგრამ კვალს ტოვებს.

21-ე საუკუნე მისი თანამედროვეებისგან - ადამიანებისგან, ქუჩებისგან, კედლებისგან ითხოვს ამ კვალს და ქუთაისში ცდილობენ დროს უპასუხონ.

ავტორები: ეკა კუხალაშვილი; თეკლე მორგოშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.