საზოგადოება
„შესანიშნავი შვიდეულის“ საგანძურად შენახული მუსიკალური მემკვიდრეობა (ვიდეო)
FaceBook
ერთმა მოიფიქრა,

ექვსი შეუერთდა,

შვიდმა დააფუძნა..

სახელი სიმღერის ტექსტიდან აიღეს - "ყაყაჩო აყვავებულა, ვარდი გაშლილა, იამე..." - დები იშხნელების რეპერტუარიდან.

მას შემდეგ შვიდი წელია თერჯოლის კულტურის სახლთან არებული ანსამბლი "იამე", შვიდი ხმით, სოფლების ყოველდღიურობას სიმღერით აცოცხლებს.

...

"იამეს" ხელმძღვანელი გულიკო (გულთამზე) კუბლაშვილი "შთამომავლობითაც" და პროფესიითაც მუსიკოსია. იგი კუბლაშვილების გვარის მუსიკალურ ხაზს აგრძელებს. მამა, ვაჟა კუბლაშვილი, საოპერო მომღერალი იყო, საოპერო შემსრულებელია ძმა - რამაზ კუბლაშვილი. მუსიკოსები არიან ბიძები. შესანიშნავად მღეროდა ბაბუა, დიდი ბაბუა. წლების წინ არსებობდა ანსამბლი, სადაც მარტო კუბლაშვილები მღეროდნენ. მაგრამ ამ ისტორიებში ძირითადად კაცები მონაწილეობდნენ და ჩანდნენ.

გულთამზე პირველი მუსიკოსი ქალია გვარში, მუსიკალური აქტივობით ღიად რომ დაკავდა. 2011 წელს მამაკაცთა ხალხური ანსამბლი "იმერეთი" ჩაიბარა და ექვს ქალთან ერთად, 2012 წელს ახალი ანსამბლი - "იამეც" დააფუძნა.

"იმერეთი" 70 წლისაა, "იამე" ათჯერ უმცროსი. შვიდი წლის ქალთა ანსამბლმა დროს ალღო აუღო, ამიტომ ცნობადობა ქალებს მეტი ერგოთ.
"თერჯოლაში იყო კაცების ანსამბლი, დიდი ხანია ეს ანსამბლი არსებობს. ვიფიქრე, რატომ არ უნდა იყოს ქალების ანსამბლი, როდესაც ამდენი ნიჭიერი ქალია ჩვენს გარშემო?! "– ყვება გულთამზე.

გულთამზეს დიდხანს არ უყოყმანია. იცოდა თერჯოლაში ქალი შემსრულებლების რესურსის შესახებ. არც ძებნა გასჭირვებია. მითუმეტეს, ბევრი თხოვნა. ანსამბლის წევრობაზე პირველივე შეთავაზებაზე დათანხმდნენ მისი კოლეგები თუ ნაცნობი მუსიკოსები.




"იამეს"თერჯოლაში "შესანიშნავი შვიდეულის" სახელით იცნობენ.

დანარჩენ საქართველოში, როგორც პროექტ, "ნიჭიერის" ფინალისტებს.
თავად "იამეს" შვიდეული დები იშხნელების, ერთგვარ, მუსიკალურ მემ
კვიდრეებად გვაცნობს თავს.

სიმღერებს უმეტესად იშხნელების რეპერტუარიდან იღებენ და ამუშავებენ. არიან ორიგინალის ერთგულები და პირველადს, ავთენტურს სუფთა სახით ინარჩუნებენ.



"იამეს" რეპერტუარს ხალხური და ქალაქური სიმღერებიც ავსებს, ცნობილი და ბევრისთვის უცნობი მელოდიები, რომლებიც კუბლაშვილების თუ სხვა თერჯოლელი მუსიკოსების მიერ, სოფელ-სოფელ მოძიებული და დამუშავებულია.

"როდესაც თავისუფალ დროს გამოვნახავ, ვცდილობ სამუსიკო სკოლაში მოვიდე. აქ არის მოძიებული სიმღერების ჩანაწერები, რომელთაც ვუსმენ და ნოტებში გადამაქვს. ძალიან მდიდარია ჩვენი კუთხე და ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ის ადამიანები, რომლებმაც იციან ძველი ქართული სიმღერები. თუმცა დრო ნაკლებად მაქვს, ამ საქმეს სერიოზული შრომა სჭირდება", - ამბობს გულთამზე.

"იამეს" ხელმძღვანელისთვის დრო ყველაზე მნიშვნელოვანი და დეფიციტური რესურსია. იგი ანსამბლებზე, კერძო გაკვეთილებზე, მუსიკალურ სკოლასა და ოჯახზე უნდა გადაანაწილოს.



დღის განმავლობაში ქალები დაასრულებენ სამსახურს,მიხედავენ ოჯახს, მოილევენ მტერ- მოყვარეს, ყველას მიაგებენ მისაგებელს და მხოლოდ ამის შემდეგ ხერხდება რეპეტიციებისთვის შეკრება, ღამის საათებში. ყოფით საქმეებს დროს ვერ ართმევენ. ისევ
საკუთარ თავს უნდა მოპარონ დასვენების საათები და მიუძღვნან მუსიკას.




"იამეს" შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა. თუმცა, რაოდენობა იგივე დარჩა – შვიდი. უცვლელია მომღერლისთვის წაყენებული პირობაც – სამივე ხმას თანაბარი სიძლიერით უნდა მღეროდეს, ჰქონდეს შესრულების კულტურა და იმპროვიზაციის უნარი. ამიტომ ანსამბლს გამოუვალი მდგომარეობა არასდროს ექმნება. ერთმანეთის ჩანაცვლება ყოველთვის შეუძლიათ.

"იამეს" შვიდ წევრს: ალექსანდრა გურაბანიძეს, ლალი ბერულაშვილს, ეთერ ივანაშვილს, თამუნა გიორგაძეს, ანა დევიძეს, ვალენტინა სახელაშვილს და ხელმძღვანელ გულიკო კუბლაშვილს შვიდი წელია არ ტოვებს ენთუზიაზმი. ჯერჯერობით მათი მთავარი საზრდო ესაა.




"იამეს" სოლისტები უშურველად გასცემენ ცოდნას, მაგრამ სხვაა, როდესაც საკუთარი ცოდნის საფუძველზე თავად ქმნიან. "იამეა" სწორედ მათი საავტორო პროექტი.

ანსამბლი ბევრისთვის გახდა ახალი ცხოვრების დაწყების და საკუთარი თავის პოვნის ადგილი. ამიტომ "იამე" მხოლოდ ანსამბლი არაა, იგი ახდენილი ოცნებაა.

ანსამბლის ყველაზე ასაკოვანი წევრი ალექსანდრა გურაბანიძე 83 წლისაა და არც ერთ შეკრებას არ აცდენს.

მუსიკა მისი ბავშვობის და ახალგაზრდობის მთავარი სიყვარული იყო, რომელიც ტრადიციებსა და ყოფით პრობლემებს შეეწირა. უყვარდა სიმღერა, უნდოდა ფილოლოგობა, მაგრამ მედდა გამოვიდა. ცხოვრებამ ასე გადაწყვიტა.

ეს სამწუხარო კანონზომიერება "იამემ" დაარღვია.

"ოცნება ასრულდა 80 წლის ასაკში, სოფლიდან დავდივარ თერჯოლაში, მაგრამ საერთოდ არ ვწუხდები,სულ მეჩქარება რეპეტიციებზე მოსვლა", - ამბობს ალექსანდრა.



მღეროდა ბავშვობაში. როდესაც გათხოვდა, ახალ ოჯახში მუსიკის მოყვარული ხალხი დახვდა და დახვდა სახალისო ლეგენდაც.

"რძალი რომ გავხდი, სახლში პატეფონი დამხვდა, ჩემი ქმრის ბაბუას შეუძენია. დეკეული გაყიდეს და იმის ფასად შეიძინეს. როდესაც პატეფონი მოიტანეს და დაუკრეს, ყველამ ოჯახის უფროსს გახედა, მისი აზრი აინტერესებვათ, მას უთქვამს, "რა კარგად მღერის ჩემი დეკეულიო", - ყვება ალექსანდრა.

ალექსანდრას ცხოვრებაში მუსიკა რაღაც ფორმით ყოველთვის არსებობდა. ახალგაზრდობაში მედიკოსებისგან დაკომპლექტებულ ანსამბლშიც მღეროდა, 40 წლის წინ.
40 წლის წინ მღეროდა ვალენტინა სახელაშვილიც, ბავშვობაში. პროფესიულ ანსამბლებთან არასდროს უთანამშრომლია. თუმცა 54 წლის ასაკში მისი ოცნებაც ასრულდა.
"ახლა შემიძლია სიმღერა, პოპულარობაც მოვიდა და ჩემი მუსიკალური მონაცემების წარმოჩენის შესაძლებლობაც მომეცა", - ამბობს ვალენტინა.

პოპულარობამ და აღიარებამ ლეგიტიმაცია მისცა მათ სურვილებს. სიმღერას არა მხოლოდ თავშექცევის, არამედ სერიოზული საქმიანობის სტატუსი მიენიჭა.

ანსამბლის ანგარიშზე გარკვეული მიღწევები გაჩნდა: იწვევენ ფოლკლორის სიმპოზიუმებზე, დედაქალაქში ჩატარებულ სხვადასხვა კონცერტზე. ფოლკლორის ფესტივალებზე თითქმის ყოველთვის პირველ ადგილზე გადიან. იყვნენ თურქეთში, ბალტიის ქვეყნებში, იტალიაში. მოწვევა კიდევ უფრო მეტია, მაგრამ მათზე დასწრების შესაძლებლობაა ნაკლები.



"ძირითადად მივიწყებულები ვართ, მეტი აქტივობაა საჭირო სახელმწიფოდან, იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც ხალხურ მუსიკას კურირებენ. გვინდა, რომ რასაც ვაკეთებთ და ვშრომობთ, ის ვაჩვენოთ ან ფესტივალები ჩაატარონ ან რაიმე სხვა ტიპის ღონისძიებები. სოფლებში დიდი მუსიკალური საგანძურია, მაგრამ იკარგება. მოხუცების გატეხილი ენით ნამღერი საოცარი მოსასმენია. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ. ჩამოვიდნენ, მოუსმინონ, ნახონ როგორ მღეროდნენ წინაპრები, მაგალითად, ღვანკითში ღრმა მოხუცებულებიდან ბევრი ვისწავლეთ", - ამბობს გულიკო კუბლაშვილი.

"ბატონების ნანინა", "გავჭაღარავდი", "სანავარდო" - ეს მოძიებული სიმღერებია.

"ფოლკლორის ცენტრში გაგიჟდნენ, როდესაც მოუსმინეს", - ამბობს "იამეს" ხელმძღვანელი.

ანსამბლის წევრები იმ ათვისებულ და აუთვისებელ მუსიკალურ მემკვირეობაზე საუბრობენ, რომელიც თერჯოლაში ინახება.
ამ საგანძურის მემკვიდრეებად და შემნახველებად მიიჩნევენ თავს "იამეს" წევრები, ის "შესანიშნავი შვიდეული", შვიდი წლის წინ, სიმღერამ რომ გააერთიანა.

ავტორები: ეკა კუხალაშვილი;  თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.