საზოგადოება
არჩევნები, რომელმაც ორად გაყო ქუთაისი
FaceBook
2019 წელს დასრულდება ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი და 60 000 სტუდენტზე გათვლილი, - მაგრამ ეს მხოლოდ დაპირებაა, ჯერ კიდევ 2016 წელს გაცემული. 2018 წლის მიწურულს, უმაღლეს სასწავლებელს ჰყავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, აქვს შემოსაზღვრული ტერიტორია და ბაყაყების ყიყინით გაჯერებული გარემო.

სამაგიეროდ, შესრულდა მეორე დაპირება, - პარლამენტი 2019 წლიდან დედაქალაქს უბრუნდება. 340 მლნ ლარზე მეტი ღირებულების პარლამენტის შენობაში სავაჭრო პალატა, სპორტის სასახლე, ახალგაზრდული ცენტრი, საპოლიციო ჰაბი, უნივერსიტეტი ან ვინ იცის კიდევ რა განთავსდება. ეს მხოლოდ იდეებია და არავინ უწყის, რამდენ ხანს იქნება უმოქმედო პარლამენტის შენობა, როცა საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში მუშაობას შეწყვეტს.

"დატოვე პარლამენტი ქუთაისში" - ამ სლოგანით სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას მიმართავდა, მაგრამ მმართველმა გუნდმა ქუთაისელების თხოვნა ყურად არ იღო.

პრეზიდენტის არჩევნების II ტურის ხმების დათვლა ქუთაისში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველადი მონაცემებით გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებდა. საბოლოოდ კი, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 1% უპირატესობა მოიპოვა. ქუთაისში არჩევნების საბოლოო შედეგი ასეთია: სალომე ზურაბიშვილმა ხმების 51.28% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი 48.72%.

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ შედეგი, რაც ქუთაიში არჩევნებმა აჩვენა, პირდაპირ კავშირშია შეუსრულებელ დაპირებებთან და მოსახლეობის უგულვებელყოფილ მოთხოვნასთან.

"ქუთაისელების პოზიცია სრულიად გასაგებია ჩემთვის. პარლამენტზე ოთხი წელი ატყუეს, ატყუეს და ბოლოს გამოუცხადეს რომ მიაქვთ. ამ ამბავმა ქუთაისელები გააბრაზა. ასევე, არის ტექნოლოგიური უნივერისტეტის მშენებლობაც, რომელიც, როგორც ვიცი, ჯერ კიდევ არ არის დაწყებული. ეს კი ადგილობრივებმა შეურაცხყოფად მიიღეს", – ამბობს პოლიტოლოგი.

ქუთაისში, 2012 წელს, როცა პარლამენტი ამუშავდა და მთავრობის სახლი აშენდა, ხალხს მოლოდინი ჰქონდა, რომ ამ დიდ პროექტს ქალაქის განვითარება მოჰყვებოდა. ამის გამო, "ნაციონალური მოძრაობა" მაშინ დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. 2012 წლის პარლამენტის არჩევნების შედეგად, ხელისუფლება შეიცვალა. "ქართული ოცნება" ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიისას აანონსებდა პარლამენტის თბილისში დაბრუნებას. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დასრულდა საუბარი მთავრობის ქუთაისში გადაყვანაზე და დაიწყო მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში დაბრუნებაზე. პარლამენტის გადაწყვეტილებით, დეპუტატიები თბილისში იმუშავებენ, ხოლო ქუთაისელების აზრით, ისინი ამით თავიანთი ქალაქის განვითარების პერსპექტივას დაემშვიდობნენ.

"რა თქმა უნდა, ამ საკითხებმაც იქონია დიდი გავლენა. არჩევნებზე ქუთაისელებმა ხმა მისცეს ევროპისკენ სწრაფვას, ერთპარტიული მმართველობის დასასრულს, ქუთაისის განვითარებას და ყველაზე მთავარი, პარლამენტის ქუთაისში დარჩენას", – ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი გიგა შუშანია.

ქუთაისის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" არჩევნებს "კრიმინალების და ხელისუფლების ერთობლლივ სპეც.ოპერაციად" აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ კარტოფილის, ხახვის და კრიმინალების ხარჯზე გაიმარჯვა.
"დარღვეული იყო ფარულობა, იყო არნახული ძალადობა და გაყალბება. მაგრამ მაინც გაუჭირდათ დამაჯერებლი მოგება. რეალურად ჩვენ გავიმარჯვეთ ქუთაისში, მაგრამ 2 700 მეტი ბიულეტინი გააბათილეს. აქედან 95% იყო ვაშაძის სასარგებლოდ", – აღნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიგა შუშანია.

ქუთაისის მერისთვის პროცენტულ სხვაობას მნიშვნელობა არ აქვს. გიორგი ჭიღვარიასთვის მთავარია, რომ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა.
"მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც პირველ ტურში საკუთარი კანდიდატები ჰყავდათ წარდგენილი საპრეზიდენტო არჩევნებზე. შესაბამისად, ამან ოპოზიციის სასარგებლოდ ხმების გაზრდა გამოიწვია", - განმარტავს ქუთაისის მერი.

გიორგი ჭიღვარია პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მხოლოდ პროექტად დარჩენას, არჩევნების შედეგებში გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ამბობს, რომ უნივერსიტეტის მშენებლობის საკითხს ფონდი "ქართუ" კურირებს და სურვილს გამოთქვამს, სასწავლო პროცესის მალე დაწყების თაობაზე. ხელისუფლების შეცდომად კი ხალხთან ნაკლებ კომუნიკაციას მიიჩნევს. "შესაბამისად ჩვენ გვაქვს მეტი ვალდებულება მათ წინაშე მათი პრობლემების გადასაჭრელად", – აღნიშნავს ქუთაისის მერი.

პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში გაერთიანებულის ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატზე სალომე ზურაბიშვილზე 18.07%-ით მეტი ხმა მიიღო. მეორე ტურში, ცესკოს მონაცემებით, ქუთაისში გაიზარდა ამომრჩეველთა რაოდენობა და შთამბეჭდავად მოემატა მხარდამჭერები სალომე ზურაბიშვილს - 20 571. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს კი, პირველ ტურთან შედარებით 7 098 ადამიანით მეტმა დაუჭირა მხარი. საბოლოოდ, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ბედი მხოლოდ 1% გადაწყვიტა.

ფაქტია, ქუთაისში იმ პარტიის მხარდამჭერთა რიცხვი, რომლის პოლიტიკური ველიდან გაქრობის პირობა "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წელს დადო, არჩევნებიდან-არჩევნებამდე იზრდება, ისევე, როგორც შეუსრულებელი დაპირებების ნუსხა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.