საზოგადოება
„ეს არის კულტურის ძეგლის გაუპატიურება“ - ქუთაისელი ხელოვანები რეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე
FaceBook
განახლებული თეთრი ხიდი რამდენიმე დღეში საზეიმოდ გაიხსნება. ხიდის რეაბილიტაცია ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამ პერიოდში პროექტიც და პროცესიც საზოგადოების მხრიდან მწვავე განხილვის თემას წარმოადგენდა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ისიც გამოიკვეთა, რომ რეაბილიტაცია საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი პროექტის მიხედვით არ მიმდინარეობდა. ქუთაისელებმა დასრულებული ხიდის სულ სხვა ვერსია იხილა. როგორც ავტორი აღნიშნავს რეაბილიტაციის პროცესში სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო შევიდა კორექტივები.

სადღეისოდ ხიდს ყველა ტიპის შემფასებელი ყავს.

ნაწილი მიიჩნევს, რომ ხიდის განახლებული სახე მოსწონს, ყოველ შემთხვევაში," რაც იყო იმას ჯობია", მეორე ნაწილი თავს იმედგაცრუებულად თვლის, მესამე ნაწილი კულტურული ძეგლის დამახინჯებად აღიქვამს რეაბილიტირებულ თეთრ ხიდს.

ხიდის "იატაკზე" დაიტანეს ცნობილი ადმიანების გამონათქვამები ქუთაისსა და თეთრ ხიდზე. ფრაზებზე კონკურსიც გამოცხადდა, შემოსული ვერსიები მრჩეველთა საბჭომ და მათ მიერ წერეთლის უნივერსიტეტიდან მოწვეულმა ფილოლოგებმა განიხილეს.

ხიდზე 42 ლითონის ფილაზე გააკეთეს წარწერა როგორც ანტიკური პერიოდის ისტორიკოსების, ასევე ქართველი კლასიკოსებისა და თანამედროვე ავტორების ფრაზების.

"ის ავტორები უნდა შერჩეულიყო, რომლებზეც დრომ თქვა და დაადასტურა მათი მნიშვნელობა. თანამედროვე ავტორები ცნობადობისა და ფრაზის შინაარსისა და დახვეწილობის მიხედვით შეირჩნენ. კონკურსში შემოსული ტექსტები განვიხილეთ,  გადავუგზავნეთ უნივერსიტეტის პროფესორებს, ფილოლოგებს, პროფესიონალებს მათ დაამატეს რამდენიმე კლასიკოსი ავტორი. თუმცა, ბევრი კლასიკოსი ვერ მოხვდა, რადგან ფორმატშიც იყო საქმე - დიდ სტროფებს ფილა ვერ დაიტევდა, ამანაც განსაზღვრა ჩვენი არჩევანი", - ამბობს მერიის მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელი ნუგზარ კოხრეიძე.





ავტორების სია ეკლექტურია. ისევე როგორც ხიდის დიზაინი და წარმოდგენილი კონცეფცია, რომელსაც ხელოვნების ვერც ერთ ჟანრსა და მიმართულებაში ვერ სვამს მხატვარი ლია უკლება.

"ვინმეს თუ გონია, რომ ჟანგიან ფილებზე დატანებული ლექსების სტროფები და ტეტრისივით მინის კონსტრუქცია რამენაირად პოსტმოდერნისტული გადაწყვეტაა ძალიან ცდება. თეთრი ხიდის კონცეფტი გადაიქცა ზიზილ-პიპილოებით გამოპრანჭულ კიჩად. იხარჯება უამრავი ფული იმაში, რომ დაუშნოვდეს და სახე დაკარგოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებმა. საუბედუროდ,  ეს პირველი შემთხვევა არ არის", - ამბობს მხატვარი.

რკინის კონსტრუქციაში დატანებული მინები და ხის მასალის ლითონით შეცვლა საერთოდ მიუღებელია მხატვარ ირაკლი ჩოგოვაძისთვის.

"არ შეიძლება ყველაფერზე გამოიყენო მინა, ეს ძეგლია და არა რაიმე ატრაქციონი. ხე შეცვალეს ლითონით, ხე მსუბუქია, ბუნებრივია, სილაღე აქვს. აქ კი დამძიმდა კონსტრუქცია. ბევრ ძველ ხიდზეა ევროპაში ხე დატოვებული და არავინ ეხება, ბოქლომების ტრადიციაც აკრძალეს ხე რომ არ დაემძიმებინა,"- ამბობს ირაკლი ჩოგოვაძე.

ამ ცვლილებებით ხიდმა დაკარგა მთავარი მისი სახე და ავთენტურობა, მიაჩნია მხატვარს.

"ავთენტურობას შევეხეთ, დავარღვიეთ მისი სახე. კულტურულ ძეგლში ასეთი უხეში ჩარევა არ შეიძლება. ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ, ეს არის კულტურული ძეგლის ~გაუპატიურება", – ამბობს ირაკლი ჩოგოვაძე.

თეთრი ხიდი სიმბოლოა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი რაც თეთრი ხიდიდან ჩანს, ამბობს მწერალი ტარიელ დათიაშვილი.
"ხიდის გარეთ რა ხდება ესაა მთავარი. თეთრი ხიდი არის როგორც აფიშა ქუთაისზე. რაც გვაუწყებს როგორია ქუთაისი", - ამბობს დათიაშვილი.
მისი აზრით, სახელწოდება თეთრი ხიდი საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ ხიდის ყველა დეტალი თეთრი უნდა იყოს, "თეთრი" სიმბოლური სახელია.

"თეთრი ხიდი არაა მოვლენის აღნიშვნა, "თეთრი" მეტაფორაა, ხიდს თეთრი მოაჯირები ქონდა, ქვემოთ არასდროს ყოფილა თეთრი და ვერც იქნება", - ამბობს მწერალი.
რეაბილიტაციის პროცესი რომ თავდაპირველ პროქტს ასცდა მწერალი ამას უკეთეს გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

თუმცა,  ყველას ერთად აშფოთებს უსაფრთხოების საკითხი. რამდენად უსაფრთხო იქნება ლაქწასმულ ლითონზე გადაადგილება ყინვებსა და მაღალი ტემპერატურის დროს, როდესაც მზე გააცხელებს ლითონს.

"რაც შეეხება მოცურებას, ყინვა რამდენი დღეა ჩვენთან? მოცურებით ყველაფერი შეიძლება მოცურდეს. მაგალითად, გრანიტის ქვაფენილები რომ გვაქვს, ისინი ძალიან სრიალებს, მაგრამ ფრთხილად დავდივართ ზამთარში. ზაფხულში კალაპოტში ხდება განიავება და ისე არ გაცხელდება, რომ მასზე ვერ გადაიაროს ადამიანმა",– ამბობს პროექტის ავტორი, გია ხუჯაძე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.