საზოგადოება
სასწავლებელი, სადაც დაფის ნაცვლად კედელზე წერენ (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ააიპ მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც 2000–ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, დაფის ნაცვლად კედელზე წერენ.
ინვენტარის სიმცირის გამო, მასწავლებლებს გაკვეთილზე ალტერნატიული საშუალებების მოძებნა უწევთ.

გეოგრაფიის მასწავლებელი ერთ–ერთია, რომელიც გაკვეთილის ასახსნელად დამხმარე საშუალებად კედელს იყენებს.

უმძიმესი პირობები, რომელშიც მოზარდები შვიდ წელზე მეტია სწავლობენ, ნახეთ ვიდეო:



ქუთაისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში სწავლა უფასოა. მერიის დაქვემდებარებაში არსებულ სასწავლებელში მოზარდები განათლებას 31 მიმართულებით იღებენ, თუმცა, პირობები, სადაც მათ მეცადინეობა უწევთ, სასწავლო გარემოსთვის შეუფერებელია.

სასახლის დირექტორი, მარინა მარჯანიშვილი ამბობს, რომ ასეთ გარემოში მოზარდებისთვის განათლების მიცემა დანაშაულია.

"ეს არის კრიმინალზე მეტი, რაც აქ ხდება. სადღაც გაეჭედებიან მღრღნელები, კვდებიან და მერე ორი კვირა ვსუნთქავთ ამ სუნს. დანაშაულია, როცა ბავშვს აიძულებ ისუნთქოს გარდაცვლილი მღრღნელის სუნი. აქ ჩვენი არსებობა არის შეუძლებელი. 31 მიმარულებით მუშაობს წრეები და გვაქვს მხოლოდ 11 ოთახი. ფიზიკურად ვეღარ ვეტევით. 21–ე საუკუნეში არა დაფა, არა სკამი, უმძიმესი სიტუაციაა", – ამბობს მარინა მარჯანიშვილი.

სასახლის დირექტორი შენობის რეაბილიტაციას შეუძლებლად მიიჩნევს და ალტერნატიულ შენობას ითხოვს. ერთ–ერთ ასეთ ალტერნატივად მარინა მარჯანიშვილი ბალახვნის ცენტრში, იუსტიციის სახლის ყოფილ შენობას განიხილავს, საიდანაც საჯარო რეესტრი შვიდი წლის წინ გადავიდა და მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის ყოფილი შენობა დაიკავა. იქ ახლა იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს. შენობის გარეშე დარჩენილი მოსწავლეები და პედაგოგები კი დროებით თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ამორტიზებულ შენობაში შეიყვანეს, თუმცა, გაუსაძლის პირობებში მოსწავლეები უკვე შვიდი წელია სწავლობენ.

სწავლა მღრღნელებთან ერთად,
ნახეთ აქ.

Print