საზოგადოება
„მარტო არა ხარ!“- ბავშვები და უფროსები მოზარდებში სუიციდის პრობლემაზე
FaceBook
ბოლო თვეებში მოზარდებში თვითმკვლელობის რამდენიმე შემთხვევა მოხდა. სამტრედიაში 17 წლის გოგონამ თავი მოიკლა, მანამდე ოზურგეთში მოხდა იგივე ტრაგედია, ასევე მოზარდის მიერ.

პირველ შემთვევაში მიზეზი ცნობილი იყო, მეორეში - არა, მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველია.

სწორედ გაურკვევლობა და ბუნდოვანება ესახებათ ამ და მსგავსი ტრაგედიების განმაპირობებელ ფაქტორად ფსიქოლოგებს და პედაგოგებს. ბუნდოვანება, რომელსაც ინფორმაციისა და კომუნიკაციის ნაკლებობა იწვევს. როგორც ზრდასრულებში, ისე მოზარდებში.

სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ბუნდოვანება ხშირად შეგნებული არჩევანია. მოზარდებში სუიციდის თემა იმდენად მძიმეა ადამიანებს ურჩევნაით გაურკვევლობაში დარჩნენ, ამაზე არ ისაუბრონ და თავი დაიმშვიდონ, რომ ასეთი რამ მათ არ შეემთხვევათ.

"მშობლები თვალს ვხუჭავთ ასეთ თემებზე, არ ვლაპარაკობთ, ძალიან მძიმე თემებია ამიტომ არ ვეხებით. ვერ წარმოვიდგენთ რომ მსგავსი რამ შეიძლება შეგვემთხვას. ფანტაზიის დონეზეც არ დავუშვებთ. შესაბამისად ნაკლებად ვერკვევით რა ხდება და რატომ ხდება. ცუდად ვერკვევით ბავშვების შინაგან სამყაროში. ბავშვები კიდევ უფრო ცუდად ერკვევიან საკუთარ თავში, იმიტომ რომ ნაკლებად სისტემატიზებული და სწრაფად ცვალებადია მათი ღირებულებები. უჭირთ საკუთარი თავის აღქმა და ხშირად არაადეკვატურია მათი ხედვები", - ამბობს ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძე.

მოზარდთა ეს არაადეკვატურობა და ცვალებადობა გაორმაგებულ პასუხისმგებლობას ანიჭებს უფროსებს.

პედაგოგების მხრიდან სიფრთხილისა და ყურადღების მობილიზებაზე მიუთითებს პედაგოგი ლელა ფრუიძე. იგი რამდენიმე შემთხვევას იხსენებს პედაგოგიური პრაქტიკიდან, როდესაც მოუწია სუიციდის ზღვარზე მყოფ მოზადებთან ურთიერთერთობა. მისი თქმით, ამ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ადამიანის არსებობა, ვისთანაც ბავშვებს მიესვლებათ. ვინც მოისმენს...

"ამ ასაკში, ამ ენერგიით ბევრ შეცდომას უშვებენ. იმ გოგონას რომ ყოლოდა ვინმე, ვისაც დაელაპარკებოდა, ამას არ გააკეთებდა. ჩემმა მოსწავლეებმა იციან, ყოველთვის ვეუბნები, ნებისმიერ შემთხვევაში რა შეცდომაც უნდა დაუშვათ ჩემთან მოგესვლებათ, ჩვენ რაღაცას ერთად გამოვასწორებთ, თუ ვერ გამოვასწორებთ ამ ტკივილს ერთად გადავიტანთ", - ამბობს ლელა ფრუიძე.

იგი მიზეზებზე ლაპარაკობს, რამაც შეიძლება ვერ შეაჩეროს მძიმე შედეგი და ერთ-ერთ ფაქტორად მშობლების სიშორეს და ემიგრაციაში ყოფნას ასახელებს. ადამიანი "ვინც მოისმენს" საკმაოდ შორს არის და ბავშვს მარტო უწევს საკუთარ დიდ პრობლემასთან დგომა.

"ბავშვები იზრდებიან მშობლებიდან შორს, საკუთარ პრობლემებთან, ბევრ სირთულესთან, ცვლილებებთან მარტოებს უწევთ გამკლავება", - ამბობს ლელა ფრუიძე.

სამტრედიელ გოგონას დედა ემიგრაციაში ყავდა. ემიგრანტი მშობლის შორს ყოფნა, მასთან მხოლოდ სატელეფონო ან ინტერნეტ კომუნიკაცია ქმნის დამატებით ბარიერს. ბავშვები მნიშვნელოვან საკითხებზე, მტკივნეულ თემებზე, ამ მანძილზე და ამ ფორმით ვერ ლაპარაკობენ.

თუმცა, 16 წლის მარი ბოჭორიშვილი მანძილს მაინც არ მიიჩნევს მთავარ მიზეზად.

"შეიძლება მშობელი გვერდით გყავდეს და მაინც არ მიგესვლებოდეს. დედა ემიგრაციაშია, მაგრამ სულ ვგრძნობ მის გვერდში ყოფნას, მასთან ნებისმიერი პრობლემაზე საუბარი შემიძლია, ამიტომ სიშორე პრობლემა არ არის", - ამბობს მარი.

თუმცა მანძილი, სიშორე და გვერდში არყოფნა მაინც ზრდის რისკებს, რადგან მშობელს დიდი ალბათობით შეიძლება გამორჩეს და ვერ დაინახოს ე.წ. საგანგაშო სიგნალები.

"ბევრი და გადღაბნილი სიმპტომატიკაა. ერთ-ერთი საგანგაშო სიგნალებიდან არის, როდესაც ბავშვი საკუთარ გარეგნობას აღარ აქცევს ყურადღებას და ნივთების გაჩუქებას იწყებს. თუმცა ესეც არ ნიშნავს რომ აუცილებლად სუიციდზე ფიქრობს, მაგრამ შეიძლება უფროსმა თავი დაიზღვიო. პირდაპირ კითხო. არ არის ტაბუირებული ეს კითხვა, კითხო რას ფიქრობს ამაზე და დიდი ალბათობით გამოაფრქვევს და თავს გასცემს...ამასთან ერთად ბავშვები სიკვდილს სხვნაირად წარმოიდგენენ. მათ წარმოსახვაში იგი უფრო გავს ძილს, ხანგრძლივ ძილს  და სიზმარს, ისინი დიდი ხნით დაიძინებენ და გაერიდებიან პრობლემებს (პრობლემიდან გაქცევის გზაა, უმეტესად, თვითმკვლელობა), თუმცა არის სუიციდები შურისძიების მიზანით. უნდა ვიღაც დატანჯოს - , აი "ნახავთ რა დაგემართებათ?!" რა დონეზე მარტივად უყურებს სიცოცხლეს ბავშვი, რომ ვიღაცის გასაბრაზებალდ შეუძლია გაწიროს იგი. რადგან ვერ აცნობიერებს", - ამბობს ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძე.

მოზარდები საუბრობენ, რომ ბავშვებთან ურთიერთობაში არასწორი სვლაა კატეგორიულობა. ბავშვებმა მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ აქვთ შეცდომის უფლება და ნებისმიერ შეცდომას "გამოუსწორებელის" კვალიფიკაცია არ უნდა მიეცეს უფროსების მხრიდან.

"ბებიასთან ვიზრდები.ბებია არ არის კატეგორიული ჩემთან, ის, ასე ვთქვთ, მაძლევს „შეცდომის უფლებას“, თუნდაც იმიტომ რომ საკუთარ შეცდომებზე ვისწავლო", - ამბობს 14 წლის რუსკა ბუღაძე.

"შეცდომის უფლება" შეიძლება ქონდეთ ბავშვებს, მაგრამ ამის ნაკლები უფლება აქვთ უფროსებს. შეცდომებს, ზოგჯერ ფატალური შედეგებით, პრობლემის არასათანადოდ შეფასება, ნაკლები მგრძნობელობა და საბოლოო ჯამში ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს.

"არაინფორმირებულობა დიდი პრობლემაა, ერთის მხრივ ვიხრჩობით ინფორმაციის იმდენი ნაკადი მოდის, მეორეს მხრივ ის ინფორმაცია, რომელიც რეალურად საჭიროა იშვიათად მინახავს. საჭირო ინფორმაცია დროზე რომ მიეწოდებოდეს ადამიანს სხვაგვარად იქნებოდა საქმე. აგერ მშობელს გამოეპარა დააკლდა ინფორმაცია, ბავშვს დააკლდა, იქ - დაქალს, იქ -მეზობელს და ვიღებთ ფატალურ შედეგს", - მიაჩნია ფსიქოლოგს.

ბავშვებიც და დიდებიც მთავარ პრობლემად და შეცდომად უნდობლობას ასახელებენ. როდესაც უმცროსი ვერ ენდობა უფროსს.

"დედას ვერ ველაპარაკები, მგონია რომ ვერ გამიგებს", - ამბობს 13 წლის ანანო.

"უნდა სცადოთ, იქნებ გიგებს, იქნებ იმაზე მეტი ესმის ვიდრე შენ გგონია", - მიაჩნია ლელა ფრუიძეს.

გამოსავალი ყოველთვის არის, არ უნდა დანებდე", - ამბობს 14 წლის მაია ბენდელიანი.

"ბავშვებს გონიათ, და ეს ალბათ მაინც მშობლის ბრალია, რომ ისინი უყვართ მხოლოდ მაშინ როდესაც კარგები და საუკეთესოები არიან. მინდა ვთქვა რომ ეს ასე არ არის, გვინდა კარგები იყვნენ, მაგრამ გვიყვარს ყვლანაირები - მათი შეცდომებით და დანაშაულებით. უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან, რაც უნდა შეემთხვათ, მათ მიიღებენ. ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი ვინც ამას გააკეთებს. ამიტომ მეტად გვენდეთ!", - ამბობს მშობელი ნინო კუხიანიძე.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.