საზოგადოება
უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და გაფლანგული 300 000 ლარი
FaceBook
ქუთაისის მერია ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხს ხელახლა მოაწყობს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, ღვარსადენი, რომელიც გასულ წელს მერიის ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა" გააკეთა, უხარისხოა და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ამიტომ, არხი თავიდან უნდა გაკეთდეს.

"იქ არის ღია ტიპის სანიაღვრე, რომლის დემონტაჟიც უნდა მოხდეს და გაკეთდეს სრულიად ახალი, დახურული არხი", - ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე, მირზა ხიდაშელი.

სამუშაოებს ამჯერად ტენდერის გზით გამოვლენილი კომპანია შეასრულებს.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სანიაღვრეს პროექტი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. სამუშაოებზე ტენდერი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გამოცხადდება.

ქუთაისის მერიის დაკვეთით, ასათიანის ქუჩაზე, რომელიც სამ წელზე მეტია წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადათხრილია, სანიაღვრე არხი გასულ წელს მოეწყო. სამუშაოებისთვის მერიის ააიპმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000 ლარი დახარჯა, თუმცა, ღვარსადენს არც კი უფუნქციონირია. გარდა იმისა, რომ ააიპმა სამუშაოები დროში გააჭიანურა, როგორც მერიაში ამბობენ, ორ კილომეტრიან მონაკვეთზე მოწყობილი არხი არამდგრადია და მისი დაზიანების საფრთხე არსებობს.

ქალაქში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სანიაღვრეს მოწყობისთვის დახარჯული თანხით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ. ააიპის ახალმა ხელმძღვანელმა, ზვიად მანდარიამ შესაბამისი დოკუმენტები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაუგზავნა, თუმცა, საქმეზე გამოძიების შედეგები ამ დრომდე არ არის ცნობილი.

ახალი სანიაღვრეს მოსაწყობად ქუთაისის მერია ხარჯებს კვლავ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიღებს, თუმცა, ამჯერად იგივე პროექტისთვის გაორმაგებულ თანხას 600 000 ლარს დახარჯავს.

პარალელურად, 900 000 ლარი დაიხარჯება ტროტუარების მოსაწყობად.

ჯამში, ტროტუარებისა და სანიაღვრე არხის მოწყობას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარი მოხმარდება.

რაც შეეხება გზის საფარს, როგორც მერიაში აცხადებენ, ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგების ვალდებულება წყლის სამუშაოების შემსრულებელ კომპანია "ეს ემ კა" -ს აქვს აღებული.

Print