საზოგადოება
უაფხაზეთოდ გასული წლები და ზღვა, რომელიც შორია
FaceBook
ოჩამჩირე მშობლებთან და პატარა ძმასთან ერთად დატოვა.

„უაფხაზეთოდ გასულა სადღაც უკვე ბავშვობაო“- წერს აფხაზი თემო ხაჯბა მის ერთ-ერთ ლექსში, რომელიც თბილისში, დევნილობაში გარდაცვლილ მამას მიუძღვნა და მონატრებას მშობლიურ კუთხეზე ლექსების წერით იქარვებს:



„და როცა გავა წელი ათი, თუნდაც ათასი
ჩემს იქ არ ყოფნას მოიკითხავს ღმერთი ზეციდან.
სულით ხორცამდე დავიბადე, მოვკვდი აფხაზი,
ვიტყვი შენსავით, რომ ვიყავი აფხაზეთიდან!“

მიუხედავად დროის უფსკრულისა, იქაური გარემო და ამბები ახსოვს. ეს მამას დამსახურებაა, რომელიც წარსულის ამბებს მუდამ უყვებოდა. ბებია იქ დარჩა - ბაბუას საფლავს ვერ შეელია. ვერ შეელია, თავისი ხელით მოწყობილ სახლსაც, ფეხმძიმე მდგომარეობაში რომ ეხმარებოდა მეუღლეს მის აშენებაში.

მამა ომში არ მონაწილეობდა. უთქვამს, ჩემს კლასელებს ან ცოლის ნათესაობას ტყვია როგორ ვესროლოო. ამიტომ „წითელ ჯვარში“ დასაქმდა. კომენდანტის საათი როცა ცხადდებოდა და მიცვალებულების გაცვლა-გამოცვლა იყო, არაყი და საჭმელი გადაჰქონდა აფხაზებისთვის, ისინიც აფხაზურ თამბაქოს ატანდნენ ქართველებისთვის. „ახლა ვხვდები, რა სახელი ერქვა ამ ომს“, - გვეუბნება თემო.

მშობლიური კუთხის დატოვების შემდეგ, აფხაზი ოჯახი თბილისში ცხოვრობს. ამბობს, რომ მიუხედავად ქართველების თბილი დამოკიდებულებისა, თავს მაინც სტუმრად მიიჩნევს და მშობლიურ სახლში დაბრუნებას ელოდება. ხშირად ბრაზდება, რა უნდა აქ, როცა წინაპრების შრომით აშენებული დიდი და ლამაზი სახლ-კარი აქვს.

„ზღვასთან ძალიან ახლოსაა ჩემი სახლი. ბებო იტყოდა ხოლმე, ხელი აკლია სახლსო, შეკეთება უნდა, როდის ჩამოხვალ, ხომ იცი შენია ის სახლიო. ჩვენი სახლი არ დაზარალებულა ომის დროს,” - გვიყვება თემო ხაჯბა.

***
25 წლის გასვლის შემდეგ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დღესაც მოუგვარებელია. ერთმანეთის მიმართ ურთიერთბრალდებები არ წყდება სოხუმიდან და თბილისიდან. გალში დარჩენილი ქართველები ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციასა და გაუსაძლის პირობებზე ჩივიან, იქ მცხოვრები აფხაზები საქართველოს საერთაშორისო ბლოკადაში ადანაშაულებენ, რაც მათი თქმით, აფხაზეთის განვითარებას აფერხებს. რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირები კი თავიანთ სახლებში დაბრუნებას დღემდე უშედეგოდ ელოდებიან.

ქართველებისა და აფხაზების თანაცხოვრება მოგონებებში

61 წლის ია გოგოხია იმ დროს იხსენებს, როცა საღამოს, სამსახურის შემდეგ გალიდან მეგობრები ყავის დასალევად ზღვისპირა ოჩამჩირეში მიდიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გალიდან ოჩამჩირემდე ავტომობილით ნახევარი საათის გზაც არაა, ომის შემდეგ იქ მხოლოდ 2016 წელს ჩავიდა. წუხს, ჯობდა არ ენახა, განადგურებული, დაცარიელებული, გადამწვარი და ტყედ გადაქცეული, ერთ დროს მისი საყვარელი ქალაქი.



ოჩამჩირის რკინიგზის სადგური



ოჩამჩირე დღეს

„მართლა კარგად ვცხოვრობდით მაშინ ქართველებიც და აფხაზებიც ერთად. მახსოვს, პატარა ვიყავი, როცა აფხაზი სტუმრები გვეწვეოდნენ, დიდი თუ პატარა, ყველა ვცდილობით მათთვის გვესიამოვნებინა, რადგან აქეთაც საოცარი გამასპინძლება იცოდნენ. მთელი სუფრის განმავლობაში ფეხზე ვიდექი და ღვინოს ვასხამდი. აფხაზური წესით ასე უნდოდა გამასპინძლება. ქეიფი მეორე დღესაც გრძელდებოდა. მაშინ სად იყო განსხვავება, მე ქართველი - შენ აფხაზი და... ასე უცებ არ ვიცი რა დაგვემართა“- იხსენებს ია.

ალბინა (სახელი შეცვლილია) გალის რაიონის ერთ-ერთი სოფელში აფხაზური ენის მასწავლებელია. ეთნიკურად აფხაზი გალის ქართველებით დასახლებულ სოფელში 34 წელია, გათხოვების შემდეგ, ცხოვრობს. ამბობს, რომ ქართულ საზოგადოებაში უკვე დიდი ხნის ინტეგრირებულია. ვაჟი და გოგო ჰყავს. ბიჭმა ადგილობრივი ქართველზე იქორწინა, გოგონა კი ტყვარჩელში, აფხაზზეა დაქორწინებული. მასწავლებლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური გვარი აქვს, გალის რაიონში მისი ცხოვრებაც რთულია.

„აფხაზური საბუთი მქონდა თავიდან, მაგრამ სოხუმის გადაწყვეტილებით გალის რაიონში ის თითქმის ყველას გაუუქმეს. თქვეს, საბუთის გაცემისას რაღაც კანონი დაირღვაო. მეც მოვხვდი ამ სიაში. ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან, ჩემს მოსწავლეებთან ერთად ხშირად გადამიკვეთავს “საზღვარი” ფარულად, მეც მათთან ერთად გამიცურავს ენგური, ტალახშიც მივლია ზაფხულშიც და ზამთარშიც“, - გვიყვება აფხაზურის მასწავლებელი გალის რაიონიდან.

მასწავლებელი იმაზე წუხს, რომ მის მოსწავლეებში, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა იქ მცხოვრები ქართველები არიან, აფხაზური ენის შესწავლისადმი ინტერესი დაბალია. ალბინას თქმით, მათ რუსულთან ერთად არ უყვართ აფხაზურის გაკვეთილები. ამის მიზეზად მოსწავლეების შინაგან პროტესტს ასახელებს.

უხუცესი დეპუტატი

შოთა ხეცურიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის (ა/რ) უმაღლესი საბჭოს უხუცესი დეპუტატია 1991 წლის 31 დეკემბრიდან. მისი თქმით, ომის დაწყებამდე სიტუაციის დაძაბვა შესამჩნევი იყო, თუმცა შედეგი ყველასთვის მოულოდნელი, ამიტომ ვერ მოხერხდა პრობლების თავშივე აღმოფხვრა.

ის გვიყვება, რომ სოხუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩევნები წინასწარ დადგენილი კომპრომისული შეთანხმების მიხედვით, ქვოტირების წესით ჩატარდა: 28 დეპუტატს აფხაზი მოსახლეობიდან ირჩევდნენ, 26 - ქართველი დეპუტატი იყო, დანარჩენი ეროვნების - 11 (რუსი და სომეხი). 89 წლის უხუცესი დეპუტატი ისხენებს, რომ სხდომის დარბაზში ქართველი და აფხაზი დეპუტატები განცალკევებით ისხდნენ.

“რაოდენობის მიხედვით, ქართველი დეპუტატები უმცირესობას წარმოადგენდნენ. თუმცა, მაღალი რანგის მოხელეთა შერჩევის დროს, არსებობდა გარკვეული შეთანხმების პირობები, მაგრამ ასეთი შეთანხმება თავიდანვე დაირღვა“, - ამბობს შოთა ხეცურიანი. უხუცესი დეპუტატი იმასაც აღნიშნავს, რომ ის დანარჩენი ეროვნების 11 დეპუტატიც აფხაზთა რიგებში აღმოჩნდა, რაზეც მან პროტესტი გამოთქვა და დეპუტატებს გაერთიანება შესთავაზა.

“შემდგომ სესიაზე ჩემი ეს შენიშვნა გაითვალისწინეს და ქართველების რიგებში გადმოჯდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, მალე ისევ დაიწყეს ქარველი დეპუტატიებისადმი შეურაცხმყოფელი, სეპარატისტული გამოსვლები. დაპირისპირების კიდევ უფრო გამწვავების მცდელობით იყვნენ განწყობილნი“, - იხსენებს დეპუტატი.

შოთა ხეცურიანი იმასაც ამბობს, რომ ზოგიერთი ქართველი დეპუტატი აფხაზთა ასეთ ქცევაზე არ რეაგირებდა. ის, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ ქართველი დეპუტატების ნაწილი, აშკარად თუ კულუარულად, მეტ ძალისხმევას თანამდებობის დაკავებაზე ხარჯავდა. განსაკუთრებული დავის საგანი გამხდარა აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარისა და მინისტრის არჩევის საკითხი.

„ამასობაში არძინბამ ა/რ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატად ქართველი დეპუტატების უმრავლესობისთვის მიუღებელ კანდიდატი დაასახელა, რომლის შემდეგ ქართველი დეპუტატები გავეცალეთ უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას”.

ცეცხლის გაჩაღებას უდიდეს პოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევს. ამბობს, რომ მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, აფხაზებსა და ქართველებს შორის სიტუაციის დაძაბვა თუ სისხლისმღვრელ ომში გადაიზრდებოდა. შოთა ხეცურიანი აღნიშნავს, რომ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მესამე ძალის ჩართულობამ მთავარი როლი ითამაშა.

„ასეთი აზრი მაშინ გამიჩნდა, როცა არძინბამ ერთ-ერთი საუბრის დროს განაცხადა, რომ ჩვენ ქართველების წინააღმდეგი სულაც არ ვართო, მაგრამ რატომ მაინც და მაინც თბილისიდან გზავნიან მაღალ თანამდებობებზე პირებს, მაშინ როცა აფხაზეთშიც მოიძებნება ღირსეული ქართველებიო“, - იხსენებს შოთა ხეცურიანი.

დეპუტატს სჯერა, რომ ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობა აუცილებლად აღდგება. „თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს ჩართული შერიგების პროცესში. ახალგაზრდები უნდა დაახლოვდნენ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია შერეული ქორწინებები ამ საქმეში“.

აფხაზი აფშუმა

1992-93 წლის ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად საქართველომ დაკარგა კონტროლი აფხაზეთის რეგიონზე. ომს ემსხვერპლნენ როგორც ქართველი, ასევე, აფხაზი მშვიდობიანი მოქალაქეები. აფხაზეთში მცხოვრებ ათასობით ქართველთან ერთად საკუთარი სახლების დატოვება იქ მცხოვრებ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებსაც მოუწია.

უაფხაზეთოდ გავლილი ბავშვობის შემდეგ, თემურ ხაჯბას ქართველებსა და აფხაზებს შორის მეგობრული ურთიერთობის აღდგენის სჯერა. მისი აზრით, ამ საქმეში სახალხო დიპლომატიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ის უნდა გააქტიურდეს. თემოს თქმით, სამედიცინო მომსახურების მისაღებად აფხაზები თავიდან შეშინებულები ჩამოდიან თბილისში, უკან კი მიღებული დადებითი ემოციებისგან გაოცებულები ბრუნდებიან.

აფხაზეთში ბევრი ნათესავი ჰყავს, რომლებიც ენგურს აქეთ ხშირად ჩამოდიან. ერთმანეთთან კომუნიკაციაც მუდმივად აქვთ. თემო აფხაზეთიდან სტუმრებს თავისთან ეპატიჟება და ჰპირდება, რომ დახვდება, როგორც ნამდვილი აფხაზი აფშუმა (მასპინძელი).

ქართველები გალში

ერთადერთი რაიონი აფხაზეთში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ჯერ კიდევ ქართველები შეადგენენ, გალის რაიონია. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ადგილობრივი ქართველები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ, თუმცა დღეს გალის მოსახლოება სულ უფრო და უფრო ხშირად სვამს კითხვას: იყო თუ არა სწორი ეს გადაწყვეტილება, რადგან მათი ცხოვრება არაა ის, რაც ადრე იყო და რომ 25-ე წელია ჯოჯოხეთში ცხოვრობენ. ადგილობრივები ყველაზე მეტად იქ უფლებების არ ქონას, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, ყოველ ნაბიჯზე არსებულ კორუფციას, ქართულ/მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის არ ქონას, საბუთის არარსებობას, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის სირთულეებსა და კიდევ უამრავ სხვა პრობლემაზე ჩივიან, რომლებიც მათი ყოველდღიურობის ნაწილია. ადგილობრივები ყვებიან, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა საბუთის არ არსებობის გამო ავადმყოფები ადმინისტრაციულ საზღვარზე რუს და აფხაზ მესაზღვრეებს არ გაუტარებიათ, რაც ფატალურად დასრულებულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ომის შემდეგ აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციამ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა თავად აფხაზებიც. ახალგაზრდები ხშირად ჩივიან, რომ თბილისის პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო მათი ჩართულობა საზღვარგარეთ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში აფხაზური პასპორტით იბლოკება.

“მშვიდობა ჩვენს ხელშია”

ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების შემდეგ დაიბადნენ და ომი თვალითაც არ უნახავთ, უფროს თაობაზე მეტი ბრაზი აქვთ. გალელი ახალგაზრდების თქმით, ამაში მშობლების წვლილსაც ხედავენ, რომელთა წყენა მათზე ვრცელდებოდა. თუმცა აღნიშნავენ, რომ ერთმანეთთან კომუნიკაციის შემდეგ, ყინული დნება.

22 წლის დიანა გალიდანაა. სოხუმში პირველად მე-11 კლასში ყოფნის დროს, ქართულ-აფხაზური ბანაკის ფარგლებში ჩავიდა, რომელსაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებდნენ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ აფხაზეთში ცხოვრობდა, მანამდე აფხაზებთან კონტაქტი არასდროს ჰქონია. დიანა გვიყვება, რომ გალელები ადრე სოხუში საერთოდ არ ჩადიოდნენ. იხსენებს, რომ შიშის ფაქტორის გამო, მშობლები იქ გაშვებაზე ძლივს დაითანხმა.

„როგორც მტრებს ისე გვიყურებდნენ თავიდან, მაგრამ რამდენიმე დღეში ისე დავმეგობრდით, ერთ აფხაზ გოგონას ბათუმში მოუნდა გათხოვება. არასდროს დამავიწყდება, თავიდან ჩვენ, ქართველები, როგორ დაგვიცვა ოჩამჩირელმა ბიჭმა, რომელსაც ბათალი ერქვა. ის ყველას გვამშვიდებდა, ნუ ჩხუბობთ! რამ გაყო აფხაზი და ქართველი?! ჩვენ და-ძმასავით უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ჰკითხეთ უფროსებს, ჩვენ სულ ერთად ვიყავითო“, - გვიყვება დიანა.

სერგო (სახელი შეცვლილია) სოხუმიდან პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად თბილისში ჩამოვიდა. გვიყვება, რომ სოხუმში სკოლის დამთავრების შემდეგ ბაკალავრიატი მოსკოვში დაამთავრა, ამის შემდეგ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სტაჟირების გავლა გადაწყვიტა. საქართველოს მოქალაქეობაც აქვს და ქართულ ენასაც ნელ-ნელა სწავლობს. მომავალ ექიმს გადაწყვეტილი აქვს საქართველოში კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ, სწავლა ევროპაში გააგრძელოს და ისევ მშობლიურ ქალაქ სოხუმს დაუბრუნდეს. მანამდე კი უფასო სამედიცინო პროგრამით მოსარგებლე აფხაზ პაციენტებს თბილისში ეხმარება.

„მე მჯერა, რომ ექიმებს შეგვიძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ცხოვრებაში. მე, პოლიტიკურ საუბრებს მოვერიდები. ერთის თქმა შემიძლია, მშვიდობა არის ჩვენს ხელში და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ეს“, - ამბობს აფხაზი ექიმი.

აფხაზეთის თემაზე და რეგიონში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ კრიტიკულ მდგომარეობაზე ბევრს წერენ და საუბრობენ. კონფლიქტის დარეგულირების საქმეში ჩართულია სხვადასხვა უცხოური ორგანიზაცია. თუმცა უშედეგოდ.

ათასობით ქართველისთვის საკუთარ სახლში დაბრუნება ისევ ოცნებად რჩება. მშობლიურ სახლთან ახლოს მდებარე ზღვა კვლავ შორია. უაფხაზეთოდ გასული ბავშვობა კი მოგონებეში სულ უფრო ღრმად ილექება.


"მასალა მომზადდა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, მედიის განვითარების ფონდთან (MDF) პარტნიორობით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად."
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.