საზოგადოება
ცხოვრება ავარიულ შენობაში და ასფალტზე მოთამაშე ბავშვები
FaceBook
მძიმე საცხოვრებელი პირობები, არაკეთილსინდისიერად შესრულებული კორპუსთა მშენებლობები და დასაქმების პრობლემა -

ქუთაისსა და დევნილთა სხვა დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები იდენტურია.

ქუთაისში, ჭავჭავაძის #58-ში, ეკატერინე პერტაია თავის ახალრეაბილიტირებულ ბინაში უკვე მესამე წელია ვეღარ ცხოვრობს. მიზეზი ბინაში არსებული ავარიული მდგომარეობაა. მისი თქმით კედლებზე ბზარები შესახლებიდან რამდენიმე დღეში გაჩნდა, რასაც თან გაუსაძლისი ნესტიც დაერთო. ამის გამო დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მობინადრეები ამავე კორპუსის მეოთხე სართულზე ქირით შეასახლა. შენობის რეაბილიტაცია 2014 წლის თებერვალში დასრულდა.



პირველ სართულზე მცხოვრებლების განმარტებით, კომპანიამ, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, შენობის საძირკველი სამშენებლო ნარჩენებით ამოავსო. მათივე თქმით, ავარიული მდგომარეობა თუ დიდხანს გაგრძელდა, საშიშროება არა მხოლოდ ორ ბინას, არამედ მთლიანად კორპუსს დაემუქრება. 





საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანია "NBG"-ს არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოსთვის სდებს ბრალს. თავად კომპანია კი დღეს გაუქმებულია.

სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, გიორგი სანთელაძე 2016 წლის ოქტომბერში, ჩვენთან საუბარში, ირწმუნებოდა, რომ საძირკველისა და პირველ სართულზე ავარიული ორი ბინის რეაბილიტაციისთვის ახალი ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდებოდა და სამუშაოები 2017 წლის ბოლოს დასრულდებოდა. თუმცა ადგილზე ისეთივე სიტუაცია დაგვხვდა, როგორიც 2016 წლის ოქტომბერში და კონკრეტული თარიღი, თუ როდის მოუგვარდებათ დევნილებს პრობლემა, კვლავ უცნობია.

"გასაკეთებელი იყო სანიაღვრე არხი და სარდაფიდან ამოსატუმბი იყო წყალი. ამასთან დაკავშირებით ხელახლა მოვიწვიეთ ექსპერტიზა და ექსპერტიზამაც დაადასტურა ამის საჭიროება. შევუთანხმდით ქუთაისის მერიასაც, მაგრამ იმ პერიოდში, რადგან გათვლილი არ იყო ეს სამუშაოები, 2017 წლის ბიუჯეტმა ვერ დააფინანსა. ამიტომ გადაიდო 2018 წლისთვის", - ამბობს გიორგი სანთელაძე.

2014 წლის 19 თებერვალს უწყების ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოსა და სამშენებლო შპს "NBG"-ის შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტიდან (#5085/45-5) ირკვევა, რომ კომპანიამ სამუშაო ნაწილობრივ შეასრულა და მასში 1 145 985 ლარი დაიხარჯა.

შპს "NBG"-ის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს საქართველოს მთავარი პროკურატურა 2016 წლიდან იკვლევს. 


ჭავჭავაძის #58-ში მცხოვრები დევნილების გარდა, იძულებით გადაადგილებულ პირებს  პრობლემები აქვთ სხვა დასახლებაშიც.

ცხრა წლის ანი გაბელიას მამამ უთხრა, რომ მისი ფესვები გულრიფშის რაიონ სოფელ განახლებიდანაა. ის ჩხობაძის ქუჩაზე #13-ში არსებულ დასახლებაში ცხოვრობს. ანას თანატოლებთან ერთად თამაში უყვარს. განსაკუთრებით, ბურთის, თუმცა ეს ბავშვებისთვის ხშირად უსაფრთხო არაა, რადგან არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა.



"ასფალტზე ვთამაშობთ. მანქანები რომ მოდიან გვერდზე გადავდივართ ხოლმე, ხელი კი გვეშლება ამ დროს, მაგრამ ჯერ სტადიონი არ გვაქვს", - გვეუბნება ანი გაბელია.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებულ ქონების ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ ფართი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად წყალტუბოს მუნიციპალიტეტს მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გადასცეს.

წყალტუბოს გამგეობაში გვეუბნებიან, რომ მიწა საკუთრებაში სააგენტომ მართლაც გადასცა და თუკი გამოჩნდება არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ტერიტორიაზე მოედანს მოაწყობს, მათგან შეფერხება არ იქნება. 

ბავშვების გარდა პრობლემები აწუხებთ დიდებსაც. ჩხობაძის ქუჩა 2012 წლიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია, მანამდე ადმინისტრაციულად ქუთაისს ეკუთვნოდა. დევნილები ჩივიან, რომ ეს ცვლილება მათთვის ზედმეტ ხარჯებთან და დროსთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ისევ ქუთაისზე დაქვემდებარებას ითხოვენ. 



"ცნობა ან თუ რამე ამდგვარი მჭირდებოდა, აგერ ორ ნაბიჯში, ავტოქარხნის მუნიციპალიტეტში დავდიოდით, ახლა  წყალტუბოში გვიწევს ყველას ჩასვლა. ერთ გზაში ლარი და 20 თეთრი გვეხარჯება. წყალტუბოს ტრანსპორტამდე მისასვლელად კიდევ საქალაქო მიკროავტობუსი გვჭირდება", - ამბობს ელისო ლობჟანია.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ეს საკითხი მარტივად გადასაწყვეტი არაა. აცხადებენ, რომ ამ პრობლემაზე მიმდინარე წელს მათთვის მოსახლეობას არ მიუმართავს.
Print