საზოგადოება
დაუცველი პერსონალური მონაცემები - საფრთხეები და რისკები
FaceBook
ნინომ (სახელი შეცვლილია) ერთი წლის წინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან სესხი აიღო.
ამბობს, რომ ფინანსური პრობლემების გამო პროცენტის და ძირი თანხის გადახდა რამდენიმე თვე დაუგვიანდა. მოგვიანებით შეიტყო, რომ მისი ფინანსური ოპერაციების შესახებ მისმა დამ, შემდეგ კი ოჯახის სხვა წევრებმა და მეზობლებმაც კი გაიგეს. თუმცა, ნინოს თქმით, მას ზემოთ ნახსენები არცერთი პირი საკონტაქტო პირად არ ჰყავდა მითითებული. ის მიიჩნევს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მისი უფლებები დაარღვია, როდესაც მის შესახებ პირადი ინფორმაცია საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის საჯარო გახდა.

"არ მომეწონა, როდესაც გაიგეს თუ რა სახის ფულადი დავალიანება მქონდა და რამდენი ხანი ვერ შევძელი აღნიშნული თანხის გადახდა. ვფიქრობ, რომ დაირღვა ჩემი უფლება, გასაჯაროვდა პირადი ინფორმაცია", - გვიყვება ნინო.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატი მსგავს შემთხვევებს იცნობს. სადაც აცხადებენ, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად სწორედ ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან ინფორმაციების გამჟღავნების კუთხით დარღვეული უფლებების მოკვლევა ხდება. ასევე, გახშირდა ვიდეოკამერებით თვალთვალის შეთხვევები და სარეკლამო შეტყობინებების შესახებ შესული შეტყობინებები.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის იურისტი ნატალია პეტრიაშვილის თქმით, პირადი ინფორმაციის გასაჯაროების კუთხით, საქართველოში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ის იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შესაძლოა, პირადი ნომრის გამოქვეყნებას ან ინფორმაციის გამჟღავნდებას შეიძლება მოყვეს.

"პიროვნების შესახებ ამა თუ იმ ინფორმაციის დაცვა აუცილებელია ნებისმიერი ორგანიზაცის მხრიდან. პირადი ნომრების გასაჯაროვება კი შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ბოროტად თუნდაც სესხის აღების ან სხვადასხვა ონლაინ საიტებზე დარეგისტრირების კუთხით, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს ამ პიროვნების დაზარალება", - განმარტავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის იურისტი, ნატალია პეტრიაშვილი.

მისი თქმით, ფინანსური ორგანიზაციების წინააღმდეგ შემოსული საჩივრები საკმაოდ ხშირია. საქმის გამოკვლევისთვის კი გასაუბრებები ორივე მხარესთან თანაბრად მიმდინარეობს იმისთვის, რომ მოხდეს დადგენა დაირღვა თუ არა პიროვნების უფლება.

ასევე, პირადი ნომრის გასაჯაროვება, ნებისმიერ ფორმით კანონდარღვევად ითვლება, რადგან განსაკუთრებით მაღალია რისკი, რომ მსგავსი ინფორმაციის გამოყენება სხვადასხვა მიზნებისთვის მოხდეს. იურისტის თქმით, პირადი ნომრების გასაჯაროვება და მოძიება აუცილებლად საჭიროებს პერსონის თანხმობას.

ნატალია პეტრიაშვილის თქმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატი მხოლოდ იმ საქმეებზე ახდენს რეაგირებას, რომელიც ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შორის მომხდარ შემთხვევას ეხება. მისი თქმით, პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონში განსაზღვრული არ არის, თუ რა უნდა მოხდეს იმ შეთხვევაში როდესაც ფიზიკური პირი სხვა ფიზიკური პირის პირად ინფორმაციას გაასაჯაროვებს.

"შესაძლოა, არსებობს მსგავსი სახის კანონდარღვევები, როდესაც ფიზიკურმა პირმა მეორე პირის ინფორმაცია გააჯაროვა, თუნდაც სოციალრი ქსელის მეშვეობით, მაგრამ იმის გამო, რომ ინსპექტორი მსგავს საკითხებზე რეგირებას ვერ მოახდენს ასეთ ფაქტებს არ ვიცნობთ", - ამბობს ნატალია პეტრიაშვილი.

მისი თქმით, ასეთ დროს პირს მხოლოდ სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლია, რადგან სხვა მხრივ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროვებისგან თავის დაცვას ფიზიკური პირი ვერ შეძლებს.

რას შეეხება, ორგანიზაციების მხრიდან კანონდარღვევაზე რეგირებას, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერ დროს პერსონალური მონაცემთა დაცვის აპარატს მიმართონ, რის შემდეგაც სავარაუდო დარღვევაზე მოკვლევა დაიწყება. რადგნა საქმეები განსხვავებულ ხასიათს ატარებს დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში პირს პირველ ეტაპზე შესაძლოა გაფრთხილება მიეცეს, ხოლო განმეორების შემთხევევაში 500, ხოლო ყოველი მომდევნო შეთხვევის დროს 2 000 ლარით დაჯარიმდება. მანამდე ვიდრე ის კანონდარღვევას არ გამოასწორებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 2016 წლის  ექვსი თვის საქმიანობის სტატისტიკა გამოაქვეყნა.  ამ პერიოდში  ინსპექტორმა მოქალაქეების 88 განცხადება განიხილა, ხოლო  44 ორგანიზაცია შემოწმდა.


საჯარო და კერძო ორგანიზაციების შემოწმების შედეგად გამოვლინდა 87 სამართალდარღვევის ფაქტი, რომელთაგან 73 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ჯარიმა, 7 შემთხვევაში 2 თვიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ვერ მოხდა ჯარიმის დაკისრება, ხოლო 7 შემთხვევაში გაფრთხილება მიეცათ ორგანიზაციებს.

აპარატში აცხადებენ, რომ 2017 წლის წლიურ ანგარიშზე მუშაობა ამდროისთვის მიმდინარეობს.




Print