ქუთაისის მერიის სამსახურის უფროსისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე მოქალაქე დააკავეს
11:39 / 31.01.2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა, ქრთამის შეთავაზების ფაქტზე მოქალაქე ზ.ბ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებული ქუთაისის მერიის ზედამხედველობის
სამსახურის უფროსს დაუკავშირდა, რომელსაც ქუთაისში, გელათის ქუჩა
N191-ში მდებარე შენობაზე, პროექტის გარეშე სამშენებლო და
სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაში მფარველობის გაწევის
სანაცვლოდ ქრთამის სახით შესთავაზა 3 000 ლარი.
2018 წლის 30 იანვარს, ზ. ბ-მ მერიის წარმომადგენელს გადასცა ქრთამის
სახით შეთავაზებული თანხა,3 000 ლარი,რა დროსაც იგი სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა
ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის მიცემის
ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით,
რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7
წლამდე ვადით).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები