საზოგადოება
"აგრესიაზე აგრესიით, სიყვარულზე მეგობრობით გპასუხობენ" - ქუჩის ძაღლების ისტორია
FaceBook
ქუთაისის თითქმის ყველა ქუჩაში იპოვით ძაღლებს.
"მოსეირნე" ასობით ცხოველს დაახლოებით ერთნაირი ისტორია აქვს. ზოგი ასაკოვანია, რომელიც მრავალწლიანი ერთგულების შემდეგ პატრონმა უმაქნისად ჩათვალა, ზოგი კი, თავიდანვე ქუჩაში დაიბადა. ყველა მათგანს ერთი სახელი ე.წ. მაწანწალა - ჰქვია.



პატრონის გარეშე დარჩენილი ძაღლებისთვის რამდენიმე დღის წინ ქუთაისში რეალობა ოდნავ შეიცვალა. ქალაქის ცენტრალურ უბანში, ერთ-ერთ ძველ შენობაში კომერციულ ობიექტთან რკინის ორ ჯამს შენიშნავთ. ერთში წყალია, მეორეში საკვები. ადგილზე თუ ცოტა ხანსაც გაჩერდებით ადამიანების და ძაღლების მეგობრული ურთიერთობის სურათსაც ნახავთ.

ქუჩის ძაღლების "დაპურების" იდეა ირმა სვანაძეს გაუჩნდა, რომელიც იქვე მდებარე ერთ-ერთ ოფისში მუშაობს. ამბობს, რომ ამ ფორმით მან სახლიდან თუ თავშესაფრიდან გამოგდებული ცხოველების დახმარება გადაწყვიტა. 

"საცოდავ, გათოშილ, უპატრონო და მშიერ ცუგებს ცოტათი დავეხმარეთ. გასაკვირი ეს კი არა, ის არის რომ სხვა ამას არ აკეთებს. ორგანიზაციისათვის ეს ხომ ძალიან მარტივია და არც დიდ ბიუჯეტს ითხოვს. არადა უამრავ ცოცხალ არსებას ცხოვრებას შეუმსუბუქებდა, გაუხანგრძლივებდა და ნაკლებად აგრესიულს გახდიდა. ზაფხულობით წყალს ყველა ოფისთან ვდგამთ ცუგებისათვის და ახლა ზამთარში, საკვების დადგმა დავიწყეთ," - გვეუბნება ირმა.

საკვებისთვის დადგმული ჯამები, რომელსაც მშიერი ცხოველები სიამოვნებით აცარიელებენ, რამდენჯერმე მოიპარეს.

"ოფისთან დადგმული ჯამები რამდენჯერმე გაქრა. ასევე, საკვების დადგმაზეც საკმაოდ ბევრი აგრესია წამოვიდა გამვლელებისაგან. არ არის ეს "სხვისი" პრობლემა ხალხო, ყველას პრობლემაა და თუ თავად ვერას ვაკეთებთ მოსაგვარებლად, სხვას მაინც აცადეთ და ხელს ნუ შეუშლით ზრუნვას მოკლებული ცხოველების მოვლაში," - გულისწყვეტით გვეუბნებიან ირმას თანამშრომლები.

ისინი გვიყვებიან, რომ მეგობრულ დამოკიდებულებას ასევე მეგობრული ქცევით პასუხობენ ძაღლებიც.

"ყურებს ცქვეტენ, ყურადღება მოსწონთ, თუ მოეფერები აუცილებლად სიყვარულითვე გპასუხობს, ფეხებზე გელაქუცება, რადგან მათ სწორედ ეს აკლიათ. აგრესიაზე აგრესიით, სიყვარულზე მეგობრობით გპასუხობენ," - ამბობს ირმა სვანაძე.

უპატრონო ცხოველებზე ზრუნვას და მათდამი დამოკიდებულების შეცვლის მცდელობას მოქალაქეების ნაწილი მისაბაძ საქმეს უწოდებენ.

"ძალიან კარგი საქციელია და კარგია თუ ასე ყველა იფიქრებს უპატრონო ცხოველებზე. ბევრს უყვარს ცუგები. თუმცა, საქმის კეთება ეზარებათ. მე მქონდა ადრე იდეა, ცუგებისთვის პატარა ტერიტორია გამოგვეყო უბნის სახით, სადაც მოვუწყობდით პატარა სახლებს და საკვებსაც მიიტანდა ხალხი ნებაყოფლობით. თუმცა,  იდეა არავის აუტაცებია. ხომ იცით, სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადიო და ყველას თავისებურად უყვარს, ზოგისთვის სიყვარული თავზე ხელის გადასმით მთავრდება, რაც ძალიან ცუდია," - ამბობს ადგილობრივი გივი შალამბერიძე.

ქალაქში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლებზე პასუხისმგებლობა ააიპ სპეციალურ სერვისებს ეკისრება. თუმცა, ორგანიზაციის სტაფილოსფერ პიჯაკიანი თანმშრომლები ქუჩაში ძაღლებს იჭერენ. ქალაქში 300-მდე უპატრონო ძაღლია. ცხოველები თავშესაფარში მიჰყავთ, ასტერილებენ, ცრიან და 10 დღე კვებავენ. შემდეგ ზოგიერთ იღბლიან ცხოველს თუ მსურველი გამოუჩნდება აშვილებენ ან ისევ ქუჩაში ხვდებიან.
Print